იენს სტოლტენბერგი - ათი წლის წინ ნორვეგიაში მოკლული ახალგაზრდები დემოკრატიის მომავალი იყვნენ, ისინი ღია დემოკრატიის საუკეთესო სიმბოლოს წარმოადგენდნენ
იენს სტოლტენბერგი - ათი წლის წინ ნორვეგიაში მოკლული ახალგაზრდები დემოკრატიის მომავალი იყვნენ, ისინი ღია დემოკრატიის საუკეთესო სიმბოლოს წარმოადგენდნენ

ათი წლის წინ ნორვეგიაში მოკლული ახალგაზრდები დემოკრატიის მომავალი იყვნენ, ისინი ღია დემოკრატიის საუკეთესო სიმბოლოს წარმოადგენდნენ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნორვეგიაში 2011 წლის მომხდარი ტერაქტების მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ათი წლის წინ ულტრამემარჯვენე ანდერს ბრეივიკის მიერ განხორციელებული თავდასხმების დროს იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

„დღეს ჩვენ ვიხსენებთ 77 ადამიანს, რომლებიც სასტიკად მოკლეს 22 ივლისს, რვა მათგანი მოკლეს სამთავრობო ოფისში, სამსახურში, ჩვენი დემოკრატიის გულში, 69 მოკლეს უტოიაზე. ისინი ჩვენი დემოკრატიის მომავალი იყვნენ, ახალგაზრდები, რომლებიც ზაფხულის ბანაკში შეიკრიბნენ. ერთად ისინი წარმოადგენდნენ ღია დემოკრატიის საუკეთესო სიმბოლოს. ჩვენ ყველა მათგანი გვენატრება. ტერორი დარტყმას აყენებს უდანაშაულოს, თუმცა ის არ არის ბრმა, სამიზნე იყო ლეიბორისტული ახალგაზრდული ლიგა და ლეიბორისტული პარტია. ადამიანები მოკლეს მათი მოსაზრებების გამო. მიზანი იყო ძალადობით მათი აზრის შეცვლა, შესაბამისად, ეს იყო თავდასხმა მთელ ქვეყანაზე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნორვეგიის ყოფილი პრემიერის თქმით, სიძულვილი კვლავ არსებობს და ის გვახსენებს თავს.

„ის გვახსენებს თავს, როდესაც 22 ივლისს გადარჩენილებს ემუქრებიან. როდესაც ადამიანებს ეშინიათ აზრის გამოთქმის. ის მუდამ გვახსენებს, რომ დემოკრატია არის ის, რისთვისაც მუდამ უნდა ვიბრძოლოთ“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

2011 წლის 22 ივლისს ულტრამემარჯვენე ანდერს ბრეივიკმა აფეთქება მოაწყო ოსლოს ცენტრში, რასაც რვა ადამიანი ემსხვერპლა. ამავე დღეს ის თავს დაესხა კუნძულ უტოიაზე ჩასულ მოზარდებს, რა დროსაც ბრეივიკმა 69 ადამიანი მოკლა. მათ შორის იყო საქართველოს მოქალაქე თამთა ლიპარტელიანი.

ამჟამად, ბრეივიკი ნორვეგიის ციხეშია. მას 21 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, თუმცა კანონით ამ ვადის განუსაზღვრელი დროით გახანგრძლივება შესაძლებელია, თუ მთავრობა ჩათვლის, რომ ბრეივიკი საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.