იაპონიაში, უზარმაზარი წყალქვეშა ვულკანი სავარაუდოდ სუპერ-ამოფრქვევისთვის ემზადება
იაპონიაში, უზარმაზარი წყალქვეშა ვულკანი სავარაუდოდ სუპერ-ამოფრქვევისთვის ემზადება

უძველესი წყალქვეშა ვულკანი, რომელსაც მიეწერება ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ამოფრქვევები, როგორც ჩანს, სიჩუმეს კვლავ დაარღვევს, რადგან მგზნებარედ ემზადება გარდაუვალი დაბრუნებისთვის.

კიკაის კალდერა მდებარეობს სამხრეთ იაპონიის მთავარ კუნძულებთან. დაახლოებით 7000 წლის წინ, აკაჰოიას სახელით ცნობილი ამოფრქვევის დროს, ვულკანმა ამოტყორცნა 500 კუბური კილომეტრი მაგმა და სასტიკად გაანადგურა იაპონიის არქიპელაგი. მეცნიერებმა ახლახან დაადასტურეს, რომ კრატერის ქვეშ, ახალი ვულკანური აქტივობა შეინიშნება.

კობეს უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩნეს კიკაის კალდერის ქვეშ არსებული ვულკანური გუმბათი, რომელშიც ჩაჭედილია 32 კუბურ კილომეტრზე მეტი მაგმა. შედეგად, შესაძლებელი ხდება იმის პროგნოზირება, თუ როდის შეიძლება მოხდეს კიკაის შემდეგი სუპერ-ამოფრქვევა.

„ყველაზე სერიოზული პრობლემა, რომელიც გვაშფოთებს, არის არა ამ ვულკანური გუმბათის ამოფრქვევა, არამედ შემდეგი სუპერ-ამოფრქვევა“, — უთხრა ვულკანოლოგმა იოშიუკი ტაცუმიმ The New York Times-ს.


ტაცუმის წინა კვლევის მიხედვით, იაპონიის აქტიური ვულკანიზმის დონიდან გამომდინარე, მომდევნო 100 წლის განმავლობაში, იაპონიის არქიპელაგზე კალდერის კატასტროფული ამოფრქვევის შანსი მხოლოდ 1%-ია. თუმცა, თუ ეს მაინც მოხდა, დაზარალდება 110 მილიონზე მეტი ადამიანი.

ასეთი ამოფრქვევები არც თუ ისე ხშირად, მაგრამ მაინც ხდება. აკაჰოიას ამოფრქვევამდე, კიკაის კალდერაზე კიდევ ორი მასიური ინციდენტი მოხდა — ერთი სუპერ-ამოფრქვევა 140 000 წლის წინ, მეორე კი 95 000 წლის წინ.

ვულკანური გუმბათი ჰიდროლოკატორით განხორციელებული წყალქვეშა რობოტული დაკვირვებისას სამმა სხვადასხვა კვლევამ და სეისმური არეკვლის ანალიზებმა აღმოაჩინა.

მართალია, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ უდავოდ ახლოსაა გარკვეული სახის სუპერ-ამოფრქვევა, მაგრამ მკვლევრები ეჭვობენ, რომ ეს გახლავთ მაგმის ახალი აკუმულირების მტკიცებულება.

„ვულკანური გუმბათი ქიმიურად განსხვავდება სუპერ-ამოფრქვევისგან, რაც გვაფიქრებინებს, რომ 7300 წლის შემდეგ, განვითარდა მაგმით მომარაგების ახალი სისტემა“, — უთხრა ტაცუმიმ The New York Times-ს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორიც არ უნდა იყოს ვულკანური გუმბათის მნიშვნელობა, ცხელი, ბლანტი ქანებსგან შემდგარი გუმბათის სიმაღლე 600 მეტრია და ივრცობა 10 კილომეტრზე; მართალია, ეს სულაც არ გახლავთ აკაჰოიას ექო, მაგრამ ფაქტია, რომ აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის ფსკერზე, ფორმას იღებს რაღაც ახალი.

„პოსტ-კალდერული აქტივობა, სულ მცირე ამ კალდერაში, მიჩნეულია შემდეგი სუპერ-ამოფრქვევის მოსამზადებელ სტადიად. აშკარაა, რომ საქმე აღარ გვაქვს წინა სუპერ-ამოფრქვევის შემდგომ დასადგურებულ დამშვიდების სტადიასთან“, — განუმარტა ტაცუმიმ გამოცემა Live Science-ს.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ რას მოასწავებს ეს აქტივობა.

ტაცუმი და მისი კოლეგები ახალი კვლევებისთვის ემზადებიან. შემდეგ თვეში, ისინი კიკაისთან კიდევ ერთ ექსპედიციას განახორციელებენ; ჩაატარებენ დამატებითი ანალიზებს და შეეცდებიან, უფრო დეტალურად გაარკვიონ, თუ რა ხდება რეალურად ამ ვულკანის თავს.

აღმოჩენის შესახებ ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია The New York Times-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით