იაპონია ოკეანეში ჩაძირავს გიგანტურ ტურბინას, რომელიც პრაქტიკულად უსაზღვრო ენერგიის მოპოვებას შეძლებს — #1tvმეცნიერება
იაპონია ოკეანეში ჩაძირავს გიგანტურ ტურბინას, რომელიც პრაქტიკულად უსაზღვრო ენერგიის მოპოვებას შეძლებს — #1tvმეცნიერება

ოკეანის ტალღების სიღრმეში იმალება ენერგიის წყარო, რომელიც არც ერთ სხვას არ ჰგავს. მის მოსაპოვებლად, იაპონელმა ინჟინრებმა ნამდვილი ლევიათანი ააგეს — მონსტრი, რომელსაც შეუძლია გაუძლოს უძლიერეს ოკეანურ დინებებს და მისი ნაკადი ენერგიის პრაქტიკულად შეუზღუდავი ოდენობის ენერგიად გარდაქმნას.

კომპანია IHI Corporation-ი ამ ტექნოლოგიაზე უკვე ათ წელიწადზე მეტია მუშაობს, 2017 წელს კი დიზაინის ტესტირებისთვის თანამშრომლობა დაიწყო იაპონიის ახალი ენერგიისა და ინდუსტრიული ტექნოლოგიების განვითარების ორგანიზაციასთან (NEDO).

2022 წლის თებერვალში, პროექტმა ძირითადი საკვანძო მომენტი გადალახა — წარმატებით დაასრულა 3,5-წლიანი საველე ტესტები იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ სანაპირო წყლებში.

330-ტონიან პროტოტიპს Kairyu უწოდეს, რაც იაპონურად დაახლოებით „ოკეანის დინებას“ ნიშნავს. მისი სტრუქტურა შედგება 20 მეტრის სიგრძის ფიუზელაჟისგან (კორპუსი), რომელსაც აქეთ-იქით ორი ერთნაირი ზომის ცილინდრი აკრავს და თითოეულ მათგანში მოთავსებულია ენერგიის გამომუშავების სისტემა, რომელიც 11 მეტრის სიგრძის ტურბინის ფრთაზეა მიმაგრებული.

მოწყობილობა ოკეანის ფსკერზე ღუზებითა და დენის კაბელებით არის მიბმული და თავად შეუძლია ორიენტირება, რათა ყველაზე ეფექტიანი პოზიცია შეარჩიოს და ენერგია გამოიმუშაოს ღრმა წყლის დინების დარტყმისგან, შემდეგ კი ის სისტემაში გადაისროლოს.

იაპონია ძლიერ არის დამოკიდებული წიაღისეული საწვავის იმპორტზე, რომლისგანაც საკუთარი ელექტროენერგიის მნიშვნელოვან ნაწილს გამოიმუშავებს. ვინაიდან საზოგადოებაში ბირთვული ენერგიის მიმართ არაერთგვაროვანი განწყობაა 2011 წელს ფუკუშიმას სადგურზე მომხდარი კატასტროფის შემდეგ, იაპონია მოტივირებულია, რომ საკუთარი ტექნოლოგიური მიღწევები განახლებადი ენერგიის წყაროებისკენ მიმართოს.

სამწუხაროდ, იაპონიის არქიპელაგის მთიანი რელიეფი ქარის ტურბინების ან მზის პანელების დიდ მასშტაბზე განთავსების საშუალებას არ იძლევა. არც ახლო მეზობელი ქვეყნები ჰყავს, რათა მათთან ელექტროენერგიით ვაჭრობაში ჩაერთოს.

ერთი-ერთი, რისი გამოყენებაც ქვეყანას შეუძლია, არის ვრცელი სანაპირო წყლები. აღმოსავლეთით გაედინება დიდ დინება — ჩრდილო წყნაროკეანური წრებრუნვა.

იაპონიის სანაპიროსთან, წრებრუნვა გარდაიქმნება შედარებით ძლიერ ნაკადად, რომელსაც კუროშიოს დინებას უწოდებენ.

IHI -ს ვარაუდით, თუკი ამ დინების ენერგიის მოპოვება მოხდება, შესაძლებელი უნდა იყოს დაახლოებით 205 გიგავატი ელექტროენერგიის გამომუშავება, რაც იმდენივეა, რამდენსაც იაპონია ამჟამად გამოიმუშავებს.

ოკეანის მღელვარე მოძრაობებში არსებული ეს უზარმაზარი პოტენციალი მის ენერგიის წყაროდ გამოყენებასაც ართულებს. ყველაზე სწრაფად მოძრავი წყალი ზედაპირთან ახლოს არის, სადაც ხშირად ხდება ტაიფუნები და ადვილად შეიძლება ელექტროსადგურების განადგურება.

Kairyu წყალში დაახლოებით 50 მეტრის სიღრმეზე ჩასაძირად შექმნეს — ზედაპირისკენ ამოტივტივებისას წევა წარმოქმნის ტურბინებისთვის საჭირო ბიძგებს. თითოეული ფრთა ერთმანეთისგან საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს, რაც მოწყობილობას შედარებით სტაბილურობას უნარჩუნებს.

განახლებადი ენერგია

წამში 1-2 მეტრის სიჩქარით მოძრაობისას, Kairyu-მ 100 კილოვატი ენერგია გამოიმუშავა.

ეს შეიძლება ძალიან მცირე ჩანდეს სანაპიროს სიახლოვეს განთავსებული ქარის ტურბინის სიმძლავრეზე, რომლებიც 3,6 მეგავატს გამოიმუშავებს, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი ის არის, რომ Kairyu-მ დაამტკიცა გამძლეობა; შესაბამისად, მალე მას შეიძლება მონსტრი ტყუპისცალიც გამოუჩნდეს, 20-მეტრის სიგრძის ტურბინა, რომელიც 2 მეგავატის გამომუშავებას შეძლებს.

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, უახლოეს მომავალში შეიძლება ასეთი გენერატორების მთელი ფერმა ვიხილოთ.

განახლებადი ენერგიის გამოუყენებელი რეზერვებისადმი უზარმაზარი ინტერესის მიუხედავად, მიქცევა-მოქცევის, ტალღების და ღია ოკეანის დინებებისგან ენერგიის მიღების მცდელობები ძირითადად წარუმატებლად მთავრდება. სიძვირე, გარემოს შეზღუდვები, სანაპიროდან დაშორება — ეს ყველაფერი ამ სახის პროექტებისათვის დიდი გამოწვევაა.

თუ IHI Corp.-მა ეს პრობლემები დაძლია, არ არის გამორიცხული, უახლოეს წლებში ოკეანემ იაპონიის ელექტროენერგიის საჭიროების 40-70 პროცენტი დააკმაყოფილოს.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.