მსოფლიოში უდიდესმა და უმძლავრესმა ქარის ტურბინამ მუშაობა დაიწყო — #1tvმეცნიერება
მსოფლიოში უდიდესმა და უმძლავრესმა ქარის ტურბინამ მუშაობა დაიწყო — #1tvმეცნიერება

ახალი ამბები მწვანე ენერგიაზე გადართვის შესახებ, ყოველთვის სასიხარულოა; განსაკუთრებით კი ერთი ახალი ამბავი: ჩინეთში, მსოფლიოს ყველაზე დიდმა ქარის ტურბინამ მუშაობა დაიწყო და ელექტროსისტემაშიც ჩაერთო.

MySE 16-260-ს როტორის დიამეტრი 260 მეტრია და მისი ქნევის (ბრუნვის) ზონა 53 902 კვადრატული მეტრია. ამავე დროს, ის ისტორიაში ყველაზე მძლავრი ქარის ტურბინაა — გამოიმუშავებს 16 მეგავატ სიმძლავრეს.

უფრო მეტი სტატისტიკა კი ასეთია: ცენტრალური ანძის სიმაღლე 152 მეტრია, გენერატორი 349 ტონას იწონის. წარმოადგენს ინჟინერიის გასაოცარ შედევრს, რომელმაც წელიწადში დაახლოებით 66 გიგავატი ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაოს. ეს კი დაახლოებით 36 000 ოჯახის მომარაგებისთვის არის საკმარისი.

უდიდესი ქარის ტურბინა

MySE 16-260 ფუძიანის პროვინციაში დაამონტაჟეს, ტაივანის სრუტეში, სადაც ქარის სიჩქარე მუდმივად აჭარბებს 51 კმ/სთ-ს.

ამიტომ, ტურბინა წარმოუდგენლად გამძლე უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ახალი გახსნილია, უკვე გადაურჩა ტაიფუნ ტალიმს, რომლის გამოც, 230 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ტურბინას 1000-ზე მეტი სენსორი აქვს და შესაბამისად, რეალურ დროში შეუძლია მოერგოს სხვადასხვაგვარ ამინდს.

„ჩინეთის სანაპირო ზოლის უმეტესობა ტაიფუნის ზონებშია და თუ არ არსებობს ქარის ტურბინა, რომელიც ტაიფუნებს გაუძლებს, გამოდის, რომ ჩინეთში ქარის ენერგიას მომავალი არ აქვს“, — ამბობს კომპანია Mingyang Smart Energy-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი ქიინგ ჟანგი.

ტურბინის მშენებელი კომპანია China Three Gorges Corporation-ის განცხადებით, MySE 16-260 დაზოგავს დაახლოებით 19 958 ტონა ქვანახშირს და წელიწადში 48 987 ტონა ნახშირორჟანგის გამოყოფას.

უდიდესი ქარის ტურბინა

სუფთა ენერგიაზე გადასვლა გადაუდებელი აუცილებლობაა. კვლევები აჩვენებს, როგორ შეგვიძლია გადავარჩინოთ ჩვენივე თავი ქარის, მზის და მწვანე ენერგიის სხვა ალტერნატივებით, რათა ისტორიას ჩავაბაროთ წიაღისეული საწვავის მოხმარება.

წიაღისეულ საწვავზე მოდის ნახშირორჟანგის გაფრქვევების თითქმის 90 პროცენტი. გლობალური დათბობა და ექსტრემალური ტემპერატურები, რასაც დღეს მკაფიოდ ვგრძნობთ და ვხედავთ, სწორედ ამ გაფრქვევების შედეგია.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.