კოსმოსური ტურისტი იუსაკა მაედზავა პირველია, ვინც „სფეის იქსის“ ხომალდით, „სთარშიფით“ იმოგზაურებს. ფრენა 2023 წელს არის დაგეგმილი. მაედზავას განცხადებით, ის ეძებს პარტნიორ ქალს, რომელიც მასთან ერთად შემოუფრენს დედამიწის ხელოვნურ თანამგზავრს.
ამის შესახებ განცხადება 44 წლის მილიარდერმა თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა. განაცხადის შევსება ნებისმიერ მსურველს 17 იანვრამდე შეუძლია.
მაედზავა პარტნიორს, 27 წლის აიამე გორიკის სულ ცოტა ხნის წინ დაშორდა.
„მარტოობა და სიცარიელე მიახლოვდება, მაგრამ მე მაინც ერთადერთი რამ მსურს – ერთი ქალი მიყვარდეს მთელი ცხოვრება“, – წერს იაპონელი მილიარდერი.
ახალი პარტნიორის შერჩევას ის სამ თვეში აპირებს. კანდიდატების მიმართ მაედზავას შემდეგი მოთხოვნები აქვს – ის არ უნდა იყოს 20 წელზე მეტი ასაკის, არ უნდა იყოს გათხოვილი, „უნდა იყოს მუდამ პოზიტიური“ და უნდა სურდეს კოსმოსში გაფრენა.
მაედზავა პირველ კოსმოსურ ტურისტად ელონ მასკის კომპანიამ 2019 წლის ზაფხულში შეარჩია. ის მთვარეზე უნდა გაფრინდეს.
მაედზავას ქონება სამ მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ის ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელ „ზოზოს“ ფლობს.
იაპონელი მილიარდერი ხშირად ყიდულობს ხელოვნების ნიმუშებს და ცნობილია თავისი გულუხვობით. რამდენიმე დღის წინ მაედზავამ „ტვიტერზე“ მისი გვერდის მიმდევრებს 925 ათასი დოლარი დაურიგა.
რა თანხას გადაიხდის მაედზავა მთვარეზე გასაფრენად, არ სახელდება.
მთვარეზე ბოლოს ამერიკელი ასტრონავტები 1972 წელს გაფრინდნენ. ამის შემდეგ მსგავსი მისია არ განხორციელებულა.