იანოშ ჰერმანი - ძალიან მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რომ ჩვენ არ ვმუშაობთ საქართველოსთან მხოლოდ ერთ ფორმატში
იანოშ ჰერმანი - ძალიან მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რომ ჩვენ არ ვმუშაობთ საქართველოსთან მხოლოდ ერთ ფორმატში

ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ჩვენ არ ვმუშაობთ საქართველოსთან მხოლოდ ერთ ფორმატში. აღმოსავლეთ პარტნიორობა არის მხოლოდ ერთი დონე, მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს ორმხრივი ფორმატებიც, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა პირველი არხის ანალიტიკოს ზვიად ავალიანთან ინტერვიუში განაცხადა.

ინტერვიუს დროს ზვიად ავალიანმა იანოშ ჰერმანს მიმართა კითხვით:

ზოგი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ „აღმოსავლეთს პარტნიორობამ“ საკუთარი თავი ამოწურა პარტნიორი ქვეყნების ინტერესებს შორის მზარდი განსხვავების გამო. სამი წარმატებული ქვეყანაც განსხვავებულ მდგომარეობასა და პოზიციაში იმყოფება. საქართველოში ფიქრობენ, რომ საქართველო იმსახურებს სპეციალურ, ორმხრივ ფორმატს რადგან იგი ევროკავშირის ყველაზე სტაბილური და წარმატებული პარტნიორია. ფიქრობენ თუ არა ევროპელი პოლიტიკოსები ასეთ სცენარზე და როგორია თქვენი პირადი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით?

როგორც იანოშ ჰერმანმა აღნიშნა, ასოცირების შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ორმხრივი შეთანხმებაა, რომელიც არ არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ნაწილი და პარტნიორობის ხუთ სხვა მონაწილეს არავითარი კავშირი არ აქვს ამასთან. მისივე თქმით, ასევეა უვიზო რეჟიმის შეთამხმებაც.

„ვიზა-ლიბერალიზაცია არ განხორციელებულა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში. ჩვენ არ გაგვიფორმებია ვიზა-ლიბერალიზაციის შეთანხმება პარტნიორობის რამდენიმე ქვეყანასთან, რომლებიც ასევე არიან აღმოსავლეთის პარტნიორობის ნაწილი.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ზოგ ქვეყანას სურს, დააფიქსიროს ევროპული მისწრაფება და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი. ზოგ ქვეყანას არ აქვს ამის სურვილი. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში ჩვენ ვმუშაობთ ისეთ საკითხებზე, რომლებიც არის საერთო და შეიძლება ერთობლივად მუშაობა. სადაც არის განსხვავება, იქ ჩვენ ვმუშაობთ განსხვავებულ ფორმატებში. მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში, ყველაზე სერიოზული მიღწევები სწორედ ორმხრივ ფორმატში იქნა მიღწეული. ყველაფერი რაც თქვენ ჩამოთვალეთ – ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და უვიზო მიმოსვლა სწორედ ორმხრივი შეთანხმებებია.

რა თქმა უნდა, ექვს ქვეყანას შორის ძალიან სერიოზული განსხვავებებია, და ეს ბუნებრივია, მაგრამ ასევე არის მსგავსებები და აღმოსავლეთ პარტნიორობა სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ ამ მსგავსებების დიაპაზონში ვიმოძრაოთ. ბრიუსელის სამიტზე ჩვენ ვნახავთ, როგორ შევძლებთ ფართო შეთანხმების მიღწევას ამ საერთო კონტექსტზე დაყრდნობით და რამდენად მოვნახავთ ენერგიას წინსვლისთვის. და ჩვენ ძალიან ვაფასებთ, რომ საქართველო – როგორც თავად ახსენეთ, ყველაზე წარმატებული ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში – მზად არის დანარჩენ ხუთ ქვეყანასთან ერთად ჩაერთოს ამ მუშაობაში.

არის საკითხები, სადაც თანამშრომლობა უბრალოდ საჭიროა. ავიღოთ, მაგალითად, კავშირების გამყარება. ეს არის ინფრასტრუქტურის დაკავშირება, ერთი მხრივ, ევროკავშირსა და პარტნიორობის 6 ქვეყანას შორის, მაგრამ ასევე თავად ამ ქვეყნებს შორისაც. ამ კომპონენტში, რასაკვირველია, თქვენ უნდა ითანამშრომლოთ დანარჩენ ქვეყნებთან.

იმისთვის, რომ განავითაროთ ვაჭრობა, ასევე საჭიროა თანამშრომლობა. ვაჭრობა, სავარაუდოდ, არ განვითარდება მხოლოდ საქართველოსა და ევროკავშირს ან უკრაინასა და ევროკავშირს შორის, მაგრამ ასევე საქართველოს, უკრაინასა და ბელორუსს შორის. დაახლოვება ამ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის განაპირობებს თვით ამ ქვეყნების დაახლოებასაც.

ამას, ცხადია, სარგებლობა მოაქვს ყველასთვის და პოზიტიურად აისახება სტაბილურობაზეც. ამასთანავე, ცხადია, თუ ზოგი ქვეყანა უფრო სწრაფად წავა წინ კონკრეტული მიმართულებით – ჩვენ ამ წინსვლას ვუპასუხებთ ორმხრივ ფორმატში, რადგან სხვებს ეს არ შეუძლიათ ან არ სურთ“, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.