იან კელი - ვხედავ, არსებობს პოლიტიკური ნება, საქართველო იყოს მეტად გახსნილი უმცირესობების მიმართ
ვხედავ, არსებობს პოლიტიკური ნება, საქართველო იყოს მეტად ღია და გახსნილი უმცირესობების მიმართ – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ „ფეისბუქში“ ვიდეოკონფერენციისას უმცირესობების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
იან კელის განცხადებით, ამ მიმართულებით აშშ-მა რამდენიმე პროექტი განახორციელა.
„ეს საკითხი არის რთული ნებისმიერი დემოკრატიისთვის და ამერიკასაც ჰქონდა სიძნელეები ამ საკითხებთან მიმართებაში. ეს იყო ენის პრობლემა, სხვადასხვაა სიძნელეები. მე ვიტყოდი, რომ ამ მიმართულებით ორი საკითხია მნიშვნელოვანი – პირველი, ეს არის პოლიტიკური ნება, რომ ქვეყანა იყოს ღია და მეორე, ეს გახლავთ რესურსი.
გავიზარდე რა აშშ-ში, 1960-იან წლებში, ვიცი, რამდენად საშიში შეიძლება იყოს უმცირესობების გარიყვა პოლიტიკური ცხოვრებიდან და სადაც კი მქონია შესაძლებლობა საქართველოს მთავრობასთან საუბრის, ყოველთვის გამიმახვილებია ამაზე ყურადღება.
მარტივად რომ გიპასუხოთ, დიახ, რა თქმა უნდა, შეიძლება, მეტი გაკეთდეს ამ მიმართულებით, თუმცა ვხედავ, არსებობს პოლიტიკური ნება, საქართველო იყოს მეტად ღია და გახსნილი უმცირესობების მიმართ.
თუმცა, მთავარი პრობლემა არის რესურსების ნაკლებობა. სწორედ ამიტომ განვახორციელეთ რამდენიმე პროგრამა“, – განაცხადა იან კელიმ.