საქართველომ უნდა განავითაროს და დაიცვას თავისუფალი და პლურალისტური მედია, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ განაცხადა, რომელიც მედიის, ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამოსამშვიდობებელ შეხვდრას მართავს.
როგორც იან კელიმ აღნიშნა, არ არსებობს დემოკრატია თავისუფალი მედიის გარეშე
„საქართველომ უნდა განავითაროს და დაიცვას თავისუფალი და პლურალისტური მედია. თომას ჯეფერსონს ეკუთვნის შემდეგი სიტყვები: „ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, მთავრობა პრესის გარეშე, თუ პრესა მთავრობის გარეშე, მე უყოყმანოდ ავირჩევდი უკანასკნელს“. მისი პოზიცია ნათელია – არ არსებობს დემოკრატია თავისუფალი მედიის გარეშე. არ უნდა დავუშვათ მედიის დაშინება ან სხვაგვარად ალტერნატიული მოსაზრების ჩახშობა. არავინ არ უნდა ხელყოს ხალხის უფლება ხელი მიუწვდებოდეს ინფორმაციაზე და უზრუნველყოფდეს საკუთარი არჩეული ლიდერების ანგარიშვალდებულებას. მედია საკითხებთან მიმართებაში მთავრობას აკისრია ფუნქცია განავითაროს ძლიერი სტრატეგიული კომუნიკაცია. ხელმძღვანელი პირები აცნობიერებენ საჭიროებას ნათლად და თანმიმდევრულად გადასცენ მოსახლეობას დასავლეთთან გაერთიანების და დასავლური ღირებულებების ეკონომიკური და პოლიტიკური უპირატესობები. თქვენი მომავალი დასავლეთთანაა. ეს მე ჯერ კიდევ 1976 წელს დავინახე. თქვენი დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა, განსხვავებული იდეების შემწყნარებლობა, იმ დროსაც კი გამოგარჩევდათ და მიანიშნებდა იმაზე, რომ თქვენი მომავლის გზა დასავლეთისკენ გაემართებოდა”, – განაცხადა იან კელიმ.
მისივე თქმით, ხელისუფლების შტოებს შორის კონტროლისა და ურთიერთგაწონასწორების სისტემა გაამართლებს მხოლოდ მაშინ, როდესაც საკანონმდებლო ორგანო გახდება ძალაუფლებით სრულად აღჭურვილი ინსტიტუტი, შეიძენს ზედამხედველობის ფუნქციებს აღმასრულებელ შტოზე, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე.
„საქართველოს პარლამენტი არის ხალხის პირდაპირი წარმომადგენლობა და მაინც ხშირად მას არ აქვს სათანადო რესურსები და ძალაუფლება გააკონტროლოს უფრო ძლიერი სამთავრობო ბიუროკრატია. იმისათვის, რომ საქართველოს დამკვიდრება დასავლეთში შეუქცევადი გახდეს, უნდა გავაგრძელოთ პარტნიორობა პლურალისტური დემოკრატიული სისტემის განმტკიცებისათვის. მე შევხვედრილვარ ძალიან ბევრ ქართველს, სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების, თუ სამინისტროების წარმომადგენლებს, რომლებიც განუხრელად ემსახურებიან ამ მიზნების განხორციელებას. თქვენი მისწრაფებები წარმატებით დაგვირგვინდება, მე მჯერა საქართველოსი და ქართველების. შეიძლება თქვენ დგახართ უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე და არსებობს წინააღმდეგობები ქვეყნის შიგნით და გარეთ, რაც ცდილობს დემოკრატიის შესუსტებას, თუმცა თქვენ გაქვთ სათანადო გარემო თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარებისათვის: ენერგიული სამოქალაქო საზოგადოება, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რეფორმების განხორციელების პოლიტიკური ნება. დემოკრატიისათვის შრომას თქვენ ნაყოფიერ ნიადაგზე ეწევით. გზა, რომელსაც მიჰყვებით, რთულია, შეიძლება, გრძელიც აღმოჩნდეს, მაგრამ თქვენ მარტო არ ხართ. როდესაც ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი პენსი აქ იმყოფებოდა 2017 წლის 1 აგვისტოს მან ოთხი ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა წარმოთქვა: ,,ჩვენ თქვენთან ერთად ვართ“. მისი გამგზავრების შემდეგ ჩემი მოადგილე ელიზაბეთ რუდი და მომდევნო ელჩი გააგრძელებენ ჩვენს მისიას და თქვენი ძალისხმევის მხარდაჭერას. აგრძელებს რა საქართველო ამ კურსით სვლას, ამერიკის შეერთებული შტატების მომავალ ელჩებს ექნებათ შესაძლებლობა საქართველოს უწოდონ არამხოლოდ პარტნიორი, არამედ მოკავშირეც”, – განაცხადა იან კელიმ.