იან კელი - საქართველო ის ადგილია, რომელსაც სინამდვილეში ვერასდროს დავემშვიდობები
საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა ჩემთვის და ეს ის ადგილია, რომელსაც სინამდვილეში ვერასდროს დავემშვიდობები, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ განაცხადა, რომელიც მედიის, ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამოსამშვიდობებელ შეხვდრას მართავს.
იან კელიმ შეხვედრაზე საქართველოში მისი საქმიანობა შეაჯამა და ქვეყანაში პირველი ჩამოსვლაც გაიხსენა.
მისი თქმით, საქართველოში პირველად 1976 წელს ჩამოვიდა, როგორც სტუდენტი. იმ დროს ქვეყანას რთული დღეები ედგა.
“მაშინ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქართველმა ხალხმა და ქვეყნის მდიდარმა კულტურამ, თუმცა ათწლეულების წინ მისი მშვენიერება და სიცოცხლისუნარიანობა რკინის ფარდის უკან იყო მომწყვდეული. საქართველოში მკაცრი, ნაცრისფერი საბჭოთა ინდუსტრიული ჩრდილოეთიდან ჩამოსულმა, აქ, ამ უმშვენიერესი ქვეყნის სიხალასე და სიმსუბუქე შევიგრძენი; ეს ის მახასიათებლებია, რაც ყოველთვის განსაკუთრებულობას ანიჭებდა საქართველოს და გამოარჩევდა მას სხვა საბჭოთა რესპუბლიკებისგან“, – განაცხადა ელჩმა.
მისი თქმით, დიპლომატიური კარიერის მანძილზე საქართველოს ბევრჯერ ესტუმრა და აკვირდებოდა, როგორ თავისუფლდებოდა ქვეყანა საბჭოთა უღელისგან, როგორ ესწრაფოდა დემოკრატიულ განვითარებას და თავის განსაკუთრებულ ხვედრს, ისე როგორც, არცერთი სხვა საბჭოთა რესპუბლიკა.
ელჩის განცხადებით, მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა და რამდენიმე ტრაგიკული კონფლიქტისა, საქართველომ შეძლო გადარჩენა და წარმატებული განვითარებაც.
„2015 წელს, იმ დროისათვის, როდესაც მე აქ ელჩის რანგში ჩამოვედი, საქართველოს უკვე ჰქონდა მნიშვნელოვანი ისტორიული მიღწევა რეგიონში – 2012 წელს ხელისუფლების პირველი მშვიდობიანი გადაცემა, – თუმცა ჩემი ჩამოსვლისას, ქვეყანა კვლავ გარდამავალ ეტაპზე იმყოფებოდა, რადგანაც მხოლოდ ერთი წელი იყო გასული პრეზიდენტ სააკაშვილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან“, – განაცხადა ელჩმა და აღნიშნა, რომ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ვარდების რევოლუციის შემდგომი რეფორმების ტემპმა, ასევე, ახალი მთავრობის ამბიციურმა დღის წესრიგმა შემდგომი განვითარებისთვის.
ამასთან, მისი თქმით, საქართველოს რეგიონულ ცენტრებში მოგზაურობისას, მასში განსაკუთრებულ აღტაცებას იწვევდა ქვეყნის სწრაფი სვლა მომავლისკენ.
იან კელის გამოსვლის ტექსტს საქართველოში აშშ-ის საელჩოს პრესსამსახური ავრცელებს.
იან კელი დიპლომატიურ საქმიანობას და, შესაბამისად, საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე მუშაობას მარტის ბოლოს დაასრულებს.