აშშ-ის ელჩი იან კელი საქართველოს ტოვებს
აშშ-ის ელჩი იან კელი საქართველოს ტოვებს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი საქართველოს ტოვებს. პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, კელი ამ წუთებში გამოსამშვიდობებელ შეხვედრას მართავს მედიის, ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

როგორც იან კელიმ აღნიშნა, დიპლომატიურ საქმიანობას და, შესაბამისად, საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე მუშაობას მარტის ბოლოს დაასრულებს.

იან კელი შეხვედრაზე საქართველოში მის საქმიანობას შეაჯამებს.

საქართველოში აშშ-ის ელჩად იან კელის კანდიდატურა 2015 წელს შეერთებული შტატების იმდროინდელმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ დაასახელა, ხოლო შემდეგ აშშ-ის სენატმა დაამტკიცა. 2015 წლის 17 სექტემბერს კი, პრეზიდენტ მარგველაშვილისათვის რწმუნებათა სიგელის გადაცემის შემდეგ, ის საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

საქართველოში დანიშვნამდე, ელჩი კელი დიპლომატის სტატუსით ჩიკაგოში, ილინოისის უნივერსიტეტში მუშაობდა. 2010-13 წლებში ვენაში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში აშშ-ის ელჩი იყო; 2009-10 წლებში – სახელმწიფო დეპარტამენტის საზოგადოებრივ საქმეთა ბიუროს სპიკერი; 2007-09 წლებში – ევროპისა და ევრაზიის ბიუროს რუსეთის საქმეთა ოფისის დირექტორი, ხოლო 2004-07 წლებში – ნატოში აშშ-ის მისიის საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცერი.

2000-04 წლებში ელჩი კელი იტალიაში აშშ-ის საელჩოს საინფორმაციო ოფიცერი/პრესატაშე იყო, ხოლო 1997-2000 წლებში – თურქეთში აშშ-ის საელჩოს საინფორმაციო ოფიცერი/პრესატაშე. 1994-96 წლებში ის ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების დახმარების კოორდინაციის ოფისში პროგრამის ხელმძღვანელად მუშაობდა. უფრო ადრე ელჩ კელის ავსტრიაში, სერბეთში, ყოფილ საბჭოეთსა და იტალიაში აშშ-ის საელჩოებში სხვადასხვა თანამდებობები ეკავა.

1985 წელს, დიპლომატიურ სამსახურში შესვლამდე, ის ყოფილ საბჭოთა კავშირში, რუსული ენის პროგრამის რეზიდენტი-დირექტორი იყო, აგრეთვე ნიუ იორკის ბერნარდისა და კოლუმბიის კოლეჯებში ასწავლიდა. ელჩ კელის მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი წმინდა ოლაფის კოლეჯში, მაგისტრის ხარისხი – ნიუვესტერნის უნივერსიტეტში, ხოლო სადოქტორო ხარისხი – კოლუმბიის უნივერსიტეტში.

იან კელი კარიერით დიპლომატი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატიური სამსახურის წევრია. ის მინისტრ-მრჩევლის კლასს განეკუთვნება.