იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ორგანიზებით, გამოცხადდა კონკურსი „იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის“ მოსაპოვებლად.
კულტურის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა, თეა წულუკიანმა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ირმა რატიანმა კონკურსის პირობებსა და ვადებზე ისაუბრეს. მინისტრმა აღნიშნა, რომ კონკურსის მიზანია საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა, ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა, ლიტერატურული პროცესების განვითარება, ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ: საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს) და საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს, გარდა ნომინაციისა „საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის“, სადაც განაცხადის წარმოდგენის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს).
კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან რვა ნომინაციაში და გაიცემა 11 პრემია. ესენია:
1. საუკეთესო პოეტური წიგნი (გაიცემა ერთი პრემია);
2. საუკეთესო პროზაული წიგნი (გაიცემა სამი პრემია):
ა) ყველაზე პატარებისთვის, 3–6 წელი;
ბ) პატარებისთვის, 7–12 წელი;
გ) ყმაწვილებისთვის, 13+;
3. საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი (გაიცემა ორი პრემია):
ა) ყველაზე პატარებისთვის, 3–6 წელი;
ბ) პატარებისთვის, 7–12 წელი;
4. საუკეთესო საბავშვო დრამატურგია (გაიცემა ერთი პრემია);
5. საუკეთესო დებიუტი (გაიცემა ერთი პრემია);
6. საუკეთესო ნათარგმნი საბავშვო/საყმაწვილო წიგნი (გაიცემა ერთი პრემია);
7. საბავშვო-საყმაწვილო ინოვაციური პროექტი (გაიცემა ერთი პრემია);
8. საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის (გაიცემა ერთი პრემია).
თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა შეადგენს 5 000 ლარს (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გათვალისწინებით).
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსანტმა ნაწარმოები უნდა წარმოადგინოს როგორც ელექტრონული ფორმით, ისე ნაბეჭდი წიგნის სახით, სამ ეგზემპლარად სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ოფისში (მისამართი: ვ. დოლიძის # 28), ხოლო ნომინაციაში „საუკეთესო საბავშვო დრამატურგია“ და „საბავშვო-საყმაწვილო ინოვაციური პროექტი“ კონკურსანტს მიეცემა შესაძლებლობა, პიესები და ინოვაციური პროექტები წარმოადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით ელ.ფოსტაზე – [email protected].
საკონკურსო პირობები და ფორმულარები მოცემულია ბმულზე.