ლევან თაქთაქიშვილი - ჯობია, ბავშვს გოგებაშვილის „დედა ენა“ დავუდოთ და ვუთხრათ, ისიც წაიკითხოს, ავუხსნათ, რა არის ჯარა, თახჩა, გუთანი
ლევან თაქთაქიშვილი - ჯობია, ბავშვს გოგებაშვილის „დედა ენა“ დავუდოთ და ვუთხრათ, ისიც წაიკითხოს, ავუხსნათ, რა არის ჯარა, თახჩა, გუთანი

ხომ შეიძლება, ამ ქვეყანაში, მშობლიურ საქართველოში გოგებაშვილს ერთი ალტერნატიული სახელმძღვანელო დავუტოვოთ, – ამის შესახებ პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან თაქთაქიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ხომ შეიძლება, სახელმწიფომ დაბეჭდოს ეს ერთი სახელმძღვანელო, უფასოდ მისცეს და ბავშვმა ალტერნატიულად ჩაიხედოს მასში? იმ რაღაცებს, რასაც ბავშვებს ვანახებთ, არ ჯობია, გოგებაშვილის „დედა ენა“ დავუდოთ და ვუთხრათ – აი, შვილო, აბა, აქაც წაიკითხე. ავუხსნათ, რა არის ჯარა, თახჩა, გუთანი და ასე შემდეგ“, – განაცხადა თაქთაქიშვილმა.

მისი თქმით, როგორც რუსთაველის „ვეფხისტყაოსანია“, ასეთი წიგნი უნდა გავაკეთოთ, გოგებაშვილს ალტერნატიული სახელმძღვანელოს უფლება მივცეთ და სხვა სახელმძღვანელოზე ვიფიქროთ.

„დაიწყოს ისიც აი-იადან და ავტორი აღარ იქნება ვალდებული, იქ გოგებაშვილი მიაწეროს. დააწერს თავის სახელსა და გვარს და განვითარდება სახელმძღვანელო. საბოლოოდ, უნდა გაიყოს. ასე მაიონეზივით ხომ არ იქნება ესეც, ისიც, ასოების თანმიმდევრობა, თვრამეტი ასოს შეცვლა და ყველაფერი“, – განაცხადა თაქთაქიშვილმა.

როგორც თაქთაქიშვილმა აღნიშნა, ძალიან კარგია, რომ იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოს გამოყოფა მოხდა.

„დევს გოგებაშვილის ტექსტი და მას აღარ სჭირდება რამიშვილის ბურჯანაძის, ბოცვაძის და სხვების იდეები“, – განაცხადა თაქთაქიშვილმა.

მისი თქმით, „დედა ენაში“, რომელიც სკოლებში სექტემბრიდან უნდა შევიდეს, შეცვლილია სიტყვები, რომლებიც ბავშვისთვის აბსოლუტურად მიუღებელი იქნებოდა, მაგრამ ტექსტები ისევ გოგებაშვილში იტრიალებს და ისევ გოგებაშვილის სიტყვები იქნება გამოყენებული.

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ ადამიანი გარემოს, ბუნებას შორდება და ეს ძალიან ცუდია.

„ჩვენ გვგონია, რომ თბილისში რომ ვცხოვრობთ, გუთანი არ უნდა ვიცოდეთ. ბავშვმა უნდა იცოდეს, იქ რაც წერია და რა სიტყვებიც არის – გუთანიც, ჯარაც, თახჩაც… ჩვენ ვიცით ასფალტი, ტრაქტორი, კიმ ბესინჯერი… ეს ყველაფერი ვიცით, მაგრამ ვკარგავთ იმას, რაც ბავშვმა უნდა იცოდეს“, – განაცხადა თაქთაქიშვილმა.

მისივე თქმით, ბიზნესი შექმნის ახალ სახელმძღვანელოს, რომელიც მულტიმედიური და თანამედროვე იქნება, მაგრამ გავა წლები და გოგებაშვილის „დედა ენა“ ძეგლად დარჩება.