გვანცა ჩხენკელი - არ მესმის, რატომ არის გაღიზიანება იმის მიმართ, რომ სახელმძღვანელო გოგებაშვილის მიხედვით გაკეთდეს
გვანცა ჩხენკელი - არ მესმის, რატომ არის გაღიზიანება იმის მიმართ, რომ სახელმძღვანელო გოგებაშვილის მიხედვით გაკეთდეს

არ მესმის, რატომ არის გაღიზიანება იმის მიმართ, რომ სახელმძღვანელო გოგებაშვილის მიხედვით გაკეთდეს, – ამის შესახებ სპეციალისტმა, სახელმძღვანელოს „დედა ენის კვალზე“ თანაავტორმა, გვანცა ჩხენკელმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„გოგებაშვილი ხომ აბსოლუტურად ყველას ეკუთვნის და ყველასია, მთელი საქართველოსი? ამიტომ, ჩვენ ასე ვთქვათ, გოგებაშვილისტები ვართ. ჩვენ გადავწყვიტეთ, აგვეღო გოგებაშვილის ის 1912 წლის გამოცემა, აბსოლუტურად დავიცავით ასოთა რიგი, მაგრამ უბრალოდ, რედაქტირება, ადაპტირება გავუკეთეთ, დავურთეთ თანამედროვე სავარჯიშოები, შევქმენით მასწავლებლის წიგნი, დედანი და დავიცავით ის ძირითადი პრინციპები, რაც მგონია, რომ გოგებაშვილის „დედა ენას“ ნიშნავს“, – განაცხადა ჩხენკელმა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ თანამედროვე სკოლაში სახელმძღვანელო შეიტანო, საჭიროა, ტექსტები ადაპტირებული და ბავშვებზე მორგებული იყოს, შეტანილი იყოს თანამედროვე სავარჯიშოები და ისეთი ლექსიკა, რაც მათ ტექსტების გააზრებაში დაეხმარება.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად მისაღებია მისთვის პედაგოგების მხრიდან სახელმძღვანელოს არჩევითობის პრინციპი, გვანცა ჩხენკელმა განაცხადა, რომ ეს ნამდვილად მისაღებია, რადგან მასწავლებლებს არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეთ.

„მით უმეტეს, თუ პირველი კლასის ქართულზე ვლაპარაკობთ, არის სხვადასხვა მეთოდები, როგორ უნდა შეისწავლო წერა-კითხვა და ამ სხვადასხვა მეთოდების მიხედვით არის შექმნილი წიგნები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არსებობენ მასწავლებლები, რომლებსაც ესა თუ ის მეთოდი განსაკუთრებულად მოსწონთ. არის გემოვნების საკითხიც, რა ტექსტებია, როგორი მიდგომებია ამ სახელმძღვანელოში და ა.შ. ამიტომ, მე მგონი, მასწავლებლებს ამის საშუალება უნდა მივცეთ. ამაში ცუდი არაფერია. პირიქით, ძალიან კარგია“, – განაცხადა გვანცა ჩხენკელმა.

დატოვე კომენტარი