გიორგი ალიბეგაშვილი - საზოგადოებას ექნება საშუალება, ნახოს, რა ცვლილებები განიცადა „დედა ენამ“, ხოლო მასწავლებელს - აირჩიოს, რომელი წიგნით ასწავლოს
გიორგი ალიბეგაშვილი - საზოგადოებას ექნება საშუალება, ნახოს, რა ცვლილებები განიცადა „დედა ენამ“, ხოლო მასწავლებელს - აირჩიოს, რომელი წიგნით ასწავლოს

ის, რაც ჩვენ მივიღეთ, უნდა შევიდეს სკოლაში, როგორც ერთ-ერთი ალტერნატიული სახელმძღვანელო, – ამის შესახებ ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ, პროფესორმა გიორგი ალიბეგაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„საზოგადოებას ექნება საშუალება, დაუკვირდეს და ნახოს, რა ცვლილებები განიცადა მან. ასევე, მასწავლებელსაც ექნება საშუალება, აირჩიოს, თუ რომელი „დედა ენით“ ასწავლოს პირველკლასელს“, – განაცხადა ალიბეგაშვილმა.

მისი თქმით, კარგი იქნება, „დედა ენის“ სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსიაც დაერთოს, რომელშიც ის საგნები იქნება ასახული, რომელიც იაკობ გოგებაშვილის მიერ არის ნასწავლები.

„არსებობს კითხვა, რომ ვთქვათ, სიტყვები – გუთანი, ჯარა, აკვანი და ა.შ მოძველებული სიტყვებია, არავინ აღარ გამოიყენებს და რატომ უნდა ვასწავლოთ, მაგრამ ენა ლიტერატურაზეა დაფუძნებული და თუ ლიტერატურას ვასწავლით, სადაც ეს სიტყვები გამოიყენება, ამის ამოღების, თუ რეტროგრადულად, წარსულის გადმონაშთებად განხილვა ბუნებრივია, ნაკლებად საჭიროა. ამ ყველაფერს ისე უნდა შევხედოთ, რომ ბავშვს თავისი მშობლიური სიტყვების განცდის უნარი გაეღვიძოს“, – განაცხადა ალიბეგაშვილმა.

როგორც ალიბეგაშვილმა აღნიშნა, მთავარი ამოცანაა, ბავშვებისთვის, მომავალი თაობისთვის ისეთი მეთოდი და სახელმძღვანელო შეირჩეს, რომელიც ყველაზე ხელსაყრელი იქნება მოზარდი თაობისთვის.

„არსებობს იაკობ გოგებაშვილის მეთოდიკა, პედაგოგიური მიდგომა, თავისი სიტყვებით, ასოებით და თანმიმდევრობით, რომელსაც ვიცავთ ან არ ვიცავთ. იაკობ გოგებაშვილი, როგორც ცალკე აღებული, არის იაკობ გოგებაშვილი და ის შედის იმ სახელმძღვანელოების გვერდით, რომელიც აქამდე არსებობს. რაკი გათანამედროვებაზე მიდგა საქმე, ახლა ძალიან მოდური სიტყვაა ინტერდისციპლინარული სწავლება და თვალსაჩინოებისთვის შევიტანოთ ვიზუალური მასალა, სადაც ბავშვი დაინახავს, რა არის გუთანი, ურემი, აკვანი და ასე შემდეგ. კი, ბატონო, ესენი ამოვარდა ხმარებიდან და ჩვენი პატარები უკვე აღარ იცნობენ, მაგრამ მერე შეხვდებათ ეს სიტყვები აკაკის პოეზია იქნება ეს, თუ ილიას პოეზიაში და არ მესმის, რატომ არ უნდა ვასწავლოთ?“, – განაცხადა ალიბეგაშვილმა.

მისივე თქმით, როცა ბავშვის ბედზე, მის სწავლა-განათლებაზეა საუბარი, რადიკალიზმი და დაპირისპირება არავითარ შემთხვევაში არ არის საჭირო.