საქართველოს პირველ არხსა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პირველ არხსა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია, მედიაში დამკვიდრებული შეცდომების, ბარბარიზმების ქართული შესატყვისებით ჩანაცვლება და ქართული ენის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაცია.

როგორც საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, პირველი არხი იწყებს აქტიურ მუშაობას სამაუწყებლო ენის დახვეწაზე.

„დღეს ოფიციალურად ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, თუმცა მანამდე გვქონდა წინასამუშაო საქმიანობა. არაერთხელ გვისაუბრია, რამდენად მნიშვნელოვანია ქართული, განსაკუთრებით სამაუწყებლო ენა ჩვენი ჟურნალისტებისთვის, პროდიუსერებისთვის, მაყურებლისთვის. შევიმუშავეთ გარკვეული პრაქტიკა, როგორ შეიძლება, გავაუმჯობესოთ სამაუწყებლო ენა ჩვენს არხებზე, როგორც რადიოში, ასევე ტელევიზიით. ვიწყებთ აქტიურ მუშაობას და შედეგებს პერიოდულად გავაცნობთ საზოგადოებასაც“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

როგორც სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნა, პირველ არხთან გაფორმებული მემორანდუმი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის არის.

„ყველას კარგად მოეხსენება, რა გამოწვევების წინაშე დგას სახელმწიფო ენა. ბუნებრივია, ამ კუთხით ჩვენ მხარდაჭერა გვჭირდება. ეს არ არის მხოლოდ რომელიმე ერთი უწყების საქმე, მშობლიურ ენაზე მთელმა საზოგადოებამ უნდა იფიქროს და მით უფრო მისასალმებელია, რომ ტელევიზია არის ჩართული ამ კუთხით. სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა დაიწყო მუშაობა პორტალზე, რომელიც ითვალისწინებს ძალიან ბევრ ასპექტს, მოამზადებს პროცესს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის დასაწყებად, როგორიც არის, მაგალითად, ეტიმოლოგიური ლექსიკონი და ა.შ. კიდევ ერთხელ გამოვხატავ პატივისცემას და მადლიერებას იმის გამო, რომ საქართველოს პირველი არხი ჩაერთვება ბევრი ისეთი საკითხის გაშუქებაში, რომელიც ენობრივი თვალსაზრისით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ალიბეგაშვილმა.