გია მურღულია - იაკობ გოგებაშვილი ცოცხალი რომ იყოს, გვეტყოდა, ისე შევიტანოთ „დედა ენა“, რომ ამ საუკუნის განწყობებს შეესაბამებოდესო
გია მურღულია - იაკობ გოგებაშვილი ცოცხალი რომ იყოს, გვეტყოდა, ისე შევიტანოთ „დედა ენა“, რომ ამ საუკუნის განწყობებს შეესაბამებოდესო

იაკობ გოგებაშვილი ახლა რომ ცოცხალი იყოს, გვეტყოდა, მოდით, ეს წიგნი ისე შევიტანოთ, რომ ამ საუკუნის განწყობებს, მნიშვნელობებს და აზროვნების წესს შეესაბამებოდესო, – ამის შესახებ სკოლა „ლოგოსის“ სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, გია მურღულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ის სახელმძღვანელო, რომელიც იაკობ გოგებაშვილმა შექმნა და რომელიც თავის დროზე, თავის ამოცანებს წყვეტდა, იაკობს თვითონ არ განუსაზღვრავს, როგორც ასი წლის შემდეგ გადასაწყვეტი ამოცანების შემძლე სახელმძღვანელო. საყოველთაო, საშვილიშვილო და რომ იტყვიან, სამისდღემშიო სახელმძღვანელოები არ არსებობს და ვინც საწინააღმდეგოს მტკიცებას დაიწყებს, ეს ამბავი უკიდურესად გაუჭირდება“, – განაცხადა მურღულიამ.

მისი თქმით, „დედა ენა“ აბსოლუტურად გენიალური წიგნია და მან გენიალურად შეასრულა ის ამოცანები, რაც იაკობ გოგებაშვილმა თავის დროზე დაისახა.

„სხვათა შორის, იაკობი ძალიან წუხდა იმაზე, რომ თავისსავე „დედა ენაში“ არ ჰქონდა საკუთარი პრინციპების სრულად გამოვლენის შესაძლებლობები, რადგან მას ძალიან ცუდი მოცემულობა ჰქონდა. პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ მაშინ, ჯერ ერთი, ძალიან ცოტა მასწავლებელი იყო და მათი კვალიფიკაცია საკმარისზე დაბალი იყო, მეორე კი, ზოგადი განათლების, საზოგადოების მომზადებულობის თუ მიმღებლობის დონე ასევე ძალიან დაბალი იყო. იაკობი წუხდა იმაზე, რომ ის იძულებული იყო, ხანდახან, უკიდურესი სიმარტივისთვის მიემართა. ჩვენდა სამწუხაროდ, მან, საკუთარ სიცოცხლეში, საკუთარი იდეების რეალიზება ვერც კი მოახერხა“, – განაცხადა მურღულიამ.

როგორც მურღულიამ აღნიშნა, 1912 წლის შემდეგ, როცა იაკობ გოგებაშვილმა „დედა ენა“ თავის სიცოცხლეში უკანასკნელად გამოსცა, ას წელზე მეტი გავიდა, შეიცვალა მთელი სამყარო, აზროვნება, განვითარდა მეცნიერებები, ბავშვთა ასაკობრივი ფსიქოლოგია და ის, რისი შემძლეც ბავშვები მაშინ არ იყვნენ, ახლა, უკიდურესად თავისუფლად შეუძლიათ.

„ის, რაც ბავშვს 150 წლის წინ არ შეეძლო, თანამედროვე ბავშვებისთვის ეს „კანფეტებია“, – განაცხადა მურღულიამ.

სკოლა „ლოგოსის“ სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ იაკობ გოგებაშვილი არსად წასულა, რადგან დაწყებითი კლასის ქართველ მასწავლებელს იაკობ გოგებაშვილს ვერაფერი დაავიწყებს.

მისივე თქმით, ქართულ სკოლას პრობლემები ისედაც არ აკლია და ამიტომ, აჟიოტაჟი არ უნდა შეიქმნას.

„ნუ ვეჩხუბებით ერთმანეთს. ერთის წიგნი რომ კარგად მიიღოს საზოგადოებამ, ამისთვის მეორეს გინება არ არის აუცილებელი. მე ძალიან ვაფასებ იმ ადამიანებსაც, რომლებმაც „დედა ენის“ სხვა ვერსიები შექმნეს. მაგალითად, დიდებულმა ქართველმა და ძალიან კარგმა მეცნიერმა, ვატა როდონაიამ, რომელსაც შესანიშნავი ჯგუფი ჰყავდა, ძალიან კარგი სახელმძღვანელო შექმნა; ასევე, ნატა მაღლაკელიძის სახელმძღვანელო. დანამდვილებით ვიცი, რომ ჩემ მიერ დასახელებულ ამ სამივე წიგნს ბავშვი და ჩვენი საზოგადოება მიზანთან მიჰყავს. ბავშვებმა იციან წერა და კითხვა. ამ სახელმძღვანელოს სხვა არაფერი მოეთხოვება“, – განაცხადა გია მურღულიამ.

დატოვე კომენტარი