გია მურღულია - კანონით განსაზღვრულია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა გამოხატოს ყველა მნიშვნელოვანი ჯგუფის ინტერესი, ეს პრინციპი არის დაცული პირველ არხზე, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული
გია მურღულია - კანონით განსაზღვრულია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა გამოხატოს ყველა მნიშვნელოვანი ჯგუფის ინტერესი, ეს პრინციპი არის დაცული პირველ არხზე, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული

ადამიანი როდესაც მართალია, როდესაც შეუძლია, ეს დაასაბუთოს არგუმენტებით, მაშინ არანაირი პარიტეტი იმას არ სჭირდება. თავის არიდება ერთია, მაგრამ მეორეა, რომ ძალიან ადვილია ლაპარაკი, როდესაც ოპონენტი არ გყავს, ძალიან ადვილია მიკროფონში რაღაც ხმამაღალი შეძახილები. ძალიან ადვილია იარლიყების მიწებება, როდესაც ოპონენტი არ გყავს და არ მიგიჩენს შენს ადგილს არგუმენტით. ეს ეადვილებათ და შეიძლება ეძნელებათ, რომ მოვიდნენ და ილაპარაკონ საზოგადოების თვალწინ საჯაროდ იმაზე, რაც აწუხებთ და რისიც სჯერათ, – ამის შესახებ ფილოლოგიის დოქტორმა, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, გია მურღულიამ პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა თამთა სანიკიძესთან ერთად“ განაცხადა.

მურღულიამ უპასუხა გადაცემის წამყვანის კითხვას: „როდესაც ვცდილობთ, ორივე მხარეს შევთავაზოთ ჩვენი ტელევიზია, როგორც ნეიტრალური პლატფორმა, მოვიდნენ დისკუსიის სივრცეში, რატომ ვერ ხერხდება ამ შეთავაზების გამოყენება და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, როგორც ნეიტრალურ პლატფორმაზე საკუთარი პოზიციების, შეხედულებების გამოთქმა?“

„რატომ ვერ ხერხდება, ეს, პირველ რიგში, იმათ უნდა ჰკითხოთ, ვინც აქ არ მოვიდა. ძალიან სამწუხაროა, როდესაც სთავაზობ პლატფორმას, ღიად, საზოგადოების წინაშე ილაპარაკო ის, რაც გაწუხებს, დაასაბუთო ის, რაც სიმართლედ მიგაჩნია და ადამიანები აქ არ მოდიან ცოტა გაურკვეველი პარიტეტის მოთხოვნით. როდესაც ადამიანი მართალია, როდესაც მას შეუძლია, დაასაბუთოს არგუმენტებით, მაშინ არანაირი პარიტეტი იმას იქ არ სჭირდება, სიმართლეს ვერავინ ჩაახშობს და ამიტომ. თავის არიდება ერთია, მაგრამ მეორეა, რომ ძალიან ადვილია ლაპარაკი, როდესაც ოპონენტი არ გყავს, ძალიან ადვილია მიკროფონში რაღაც ხმამაღალი შეძახილები, ძალიან ადვილია იარლიყების მიწებება, როდესაც ოპონენტი არ გყავს და არ მიგიჩენს შენს ადგილს არგუმენტით, დასაბუთებულად. ეს ეადვილებათ და შეიძლება ეძნელებათ, რომ მოვიდნენ და ილაპარაკონ საზოგადოების თვალწინ, საჯაროდ იმაზე, რაც აწუხებთ და რისიც სჯერათ. ეს არის ერთმნიშვნელოვანი ამბავი. ვასილ მაღლაფერიძე ლაპარაკობდა სწორედ იმაზე, რომ დისკუსიის, დებატების გარეშე და, შემდეგ აქედან გამომდინარე, გარკვეულ შეთანხმებამდე მისვლის გარეშე არანაირი დემოკრატიული საზოგადოება არ არსებობს. თუ ადამიანები ან ცალკეული ჯგუფები, სოციალური თუ პოლიტიკური ჯგუფები უარს ამბობენ ამაში მონაწილეობაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ სურთ, ძალით გაიტანონ თავიანთი სიმართლე, გინდაც ბრჭყალებით და გინდაც უბრჭყალებოდ. მხოლოდ ამას შეიძლება ნიშნავდეს ეს, მეტს არაფერს.

ყველას სამშობლოა საქართველო და გარკვეული შეთანხმებების, კომპრომისების გარეშე ალბათ შეუძლებელია, მშვიდობა დადგეს, რაც ყველას გვჭირდება. ქვეყნის განვითარებას, პირველ რიგში, სჭირდება მშვიდობა, კარგი გარემო. ეს ყველას კარგად უნდა ესმოდეს. ასეთი რყევებით ქვეყნის განვითარებას ძალიან კარგი პერსპექტივა არ ექნება და ამას უნდა ვაცნობიერებდეთ. მინდა, პირდაპირ გითხრათ, რომ სულ მახსენდება სულხან-საბას ერთი იგავი, რომელსაც ჰქვია „ოთხი ყრუ“. ამ იგავში ადამიანები ერთმანეთს ელაპარაკებიან და ვერაფერს აგებინებენ, მაგრამ ერთმანეთს კი მაინც ელაპარაკებიან. ყველას თავისი სიმართლე აქვს, მეორის არცერთი სიტყვა არ ესმის, არც უნდა, რომ გაიგონოს და ყველაფერი მიდის გაუგონარ კონფრონტაციამდე. რა შედეგითაც ამ იგავში მთავრდება ეს ყველაფერი, ღმერთმა დაგვიფაროს ჩვენს ქვეყანაში იმ შედეგის განმეორებისგან. კანონით არის განსაზღვრული და საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობის ბუნებით არის განსაზღვრული, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს ადგილი, სადაც შეთანხმება უნდა მოხდეს ქვეყნის განვითარების სასიკეთოდ, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების სასიკეთოდ. თუ ეს არ ხდება, თუ ადამიანებს ერთმანეთთან კომუნიკაციის კულტურა არ აქვთ, ადამიანებს თუ არ შეუძლიათ, ერთ შეკითხვას მაინც დამაჯერებელი და არგუმენტირებული პასუხი გასცენ, მაშინ ეს ან რა პოლიტიკოსია, ან რა საზოგადოებაა, თუკი ჩვენ ამისი სურვილი არ გაგვიჩნდა. ჩვენ ძალიან კარგად უნდა დავფიქრდეთ. თუკი ჩვენ ვერ მოვახერხეთ, რომ ქართველებმა ერთმანეთში დაილაპარაკონ და რაღაც საერთო შეთანხმებამდე მივიდნენ, მაშინ ჩვენ ვერ გავუძლებთ ამას. ჩვენ მუდმივად სხვაზე გადაბრალების რეჟიმში ვართ ხოლმე. ხანდახან საკუთარ თავსაც ყველამ ერთად უნდა მოვკითხოთ ხოლმე ეს ამბავი. კანონით განსაზღვრულია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა გამოხატოს ყველა მნიშვნელოვანი ჯგუფის ინტერესი. ვფიქრობ, ეს პრინციპი არის დაცული პირველ არხზე. მე ასე მიმაჩნია, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. თუ ვინმე ამას მოისურვებს – დიალოგი, კი ბატონო, ვილაპარაკოთ ამაზე. თუ დემოკრატიაა, ყველას აქვს უფლება თავისი აზრის გამოხატვის. შენთვის აბსოლუტურად მიუღებელი აზრი რომ იყოს, ამის უფლება იმას აქვს. ვიღაც რომ გამოვიდეს და თქვას, რომ, მაგალითად, რომელიღაც ერთი ქვეყანა, რომელიც ბევრს არ მოსწონს, არის ჩვენი გადამრჩენელი, ეს პოზიცია რომ თქვას, არ მოვიწონებ, მაგრამ, ვოლტერის არ იყოს, ვიტყვი, რომ „არ გეთანხმები, მაგრამ მოვკვდები იმისთვის, რომ შენ ამისი თქმის შესაძლებლობა გქონდეს“.

მაქვს ერთი მარტივი კითხვა, ვთქვათ, დავიჯერეთ, რომ სამასი ათასი ხმა გაყალბდა – ამაზე დგას მთელი ეს საპროტესტო მოძრაობა ახლა და სიმართლეს ითხოვს ყველა. კი ბატონო, სიმართლის მოთხოვნა ადამიანის უზენაესი უფლებაა, მაგრამ როდესაც სიმართლეს და სამართლიანობას ითხოვ, შენ თვითონ უნდა იყო სამართლიანი ამ დროს, რადგან მაინცდამაინც არ მოგიწონებენ, უსამართლოდ თუ ლაპარაკობ სიმართლის მოთხოვნას. თუ სამასი ათასი ხმა გაყალბდა, დავუშვათ ეს ერთი წუთით, ამომრჩეველთაგან, რომლებმაც ხმა მისცეს „ქართულ ოცნებას“, დანარჩენ ცხრაასი ათასს უფლება არ აქვს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე მისი ხმა გაისმას? სად არის აქ ლოგიკა? როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ხალხის ხმაზე, ხალხი არის ყველა ერთად. ყველა ერთად შევადგენთ ამ ხალხს. ამ ხალხში ზოგი ასე ფიქრობს, ზოგი – ისე“, – განაცხადა მურღულიამ.

ამასთან, გია მურღულიას გადაცემის წამყვანმა კიდევ ერთი კითხვა დაუსვა, როგორ აისახება მიმდინარე საპროტესტო აქციები ტელევიზიის საქმიანობაზე, რაზეც მურღულიამ აღნიშნა:

„მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც აქ მუშაობს, რთულ ვითარებაში პროფესიულ მოვალეობას პატიოსნად და წესიერად ვინც ასრულებს. ეს არის ჩემი სათქმელი. რაღაც ბულინგი, გინება, შეურაცხყოფა, ცილისწამება, რასაკვირველია, აბსოლუტურად მიუღებელია როგორც დემოკრატიული, ისე კულტურული საზოგადოებისთვის. ჩვენ თუ მივდივართ ევროპისკენ, ევროპა არის დემოკრატია და ევროპა არის კულტურა. ჯერჯერობით, ვერც ერთს და ვერც მეორეს ვერ ვხედავ ზოგიერთების ქცევაში“.