გია მურღულია - წარმატებას ვერასდროს მიაღწევს ადამიანი, რომელსაც არ უყვარს ის საქმე, რასაც აკეთებს, ყველამ თავი დადო მოედანზე
გია მურღულია - წარმატებას ვერასდროს მიაღწევს ადამიანი, რომელსაც არ უყვარს ის საქმე, რასაც აკეთებს, ყველამ თავი დადო მოედანზე

ყველაზე დიდი ამბავი, რაც მოხდა, არის ის, რომ გამარჯვება ყოველთვის ბადებს მიბაძვის სურვილს, მოტივაციას და მოტივაცია უკვე არის შემდეგი ნაბიჯების, წარმატებებისკენ სვლის ფაქტორი, – განაცხადა ფილოლოგმა გია მურღულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ეს ერთი; მეორე, გამარჯვებას თავისუფლება აძლევს აზრს. 1981 წელი იყო ფანტასტიკური დღე. მე ცხოვრებაში არც მახსოვს ასეთი დღე. ეს იყო ჩემი ახალგაზრდობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღე და ახლა მომეცა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ განმეცადა ეს. ყველას ვეუბნებოდი, ჩემს მოსწავლეებს, სტუდენტებს, ახალგაზრდებს, რომ გული მწყდებოდა, ის გამარჯვება რომ არ გინახავთ-მეთქი და ახლა მათაც იგემეს გამარჯვების გემო, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. წვეთში ჩანს ოკეანე და წამში ჩანს ისტორია. ის იყო ჭეშმარიტების წამი. კვეკვესკირმა რომ დაარტყა პენალტი, ის იყო შუბის წვერი და მანამდე ამ შუბში იგულისხმება პაიჭაძეც, ღოღობერიძეც, იამანიძეც, მესხიც, მეტრეველიც და ყველა დანარჩენი, ჩვენი ფეხბურთელების ახალი თაობა, მაგრამ მარტო ესენიც არ იგულისხმებიან. აქ ჩვენ უნდა ვიგულისხმოთ მთელი საქართველოს ისტორია. ყველაფერი იდგა ამ ბიჭების უკან, ძალმოსილებაც, სიყვარულიც, განწყობაც და ეს ყველაფერი ჩანდა იმ ერთ წამში. ზოგჯერ ერთი წამი იძენს ხოლმე უკიდურესად დიდ მნიშვნელობას და ასეთი წამი იყო მაშინ. მე მახსენდება, რომ ჩვენს ნაკრებს არცერთი წამით არ დაუკარგავს კონცენტრაცია და იყო გასაკვირად ძალიან რაციონალური. ეს თითქოს არაქართული ამბავია, რადგან ჩვენ ხშირად ემოციების ხალხი ვართ. რამდენჯერ წაგვიგია, პირველი ტაიმის ბოლოს რომ გაუტანიათ ჩვენთვის ბურთი. გონიერი გულიო, ახსენებდა რუსთაველი. ასეთი გონიერი გული იყო მოედანზე და ამიტომ გავიმარჯვეთ. არსებობს სინერგია, ერთიანობის განცდა და როდესაც ჩვენ, ყველანი ვფიქრობთ ერთ მიზანზე, როდესაც ჩვენს ნებას ვაერთიანებთ იმ ერთი მიზნის მისაღწევად, ეს ძალიან შველის იმ ადამიანს, რომელიც მოედანზეა ან რომელიც ირჯება საქართველოსთვის და უნდა, წარმატება მოუტანოს ქვეყანას. ამის უკან სწორედ ეს ენერგია დგას ხოლმე“, – განაცხადა მურღულიამ.

როგორც გია მურღულიამ აღნიშნა, როდესაც ისტორიული მატჩი საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით დასრულდა, შემდგომი მოვლენების მიმდინარეობისას ოთხი სიტყვა ახსენდებოდა – სიყვარული, პასუხისმგებლობა, სინერგია და რაციონალიზმი.

„წარმატებას ვერასდროს ვერ მიაღწევს ადამიანი, რომელსაც არ უყვარს ის საქმე, რასაც აკეთებს. მეორე, ეს იყო პასუხისმგებლობა და რაციონალიზმი სწორედ ამის უკან იდგა. ყველამ თავი დადო მოედანზე. ის ცნობილი კადრი რომ არის, ჩვენი ბუდუ ზივზივაძე რომ წაქცეულია, მცველი ხელს უშლის, ვიღაც ფეხით მოდის ბურთზე და ეს თავს ურტყამს, თავგანწირვა ჰქვია ამას, პირდაპირი მნიშვნელობით; თავი გაწირა, იმიტომ, რომ თავი დაარტყა კიდევ ამ ბურთს. რანაირად მოახერხა ეს, არ ვიცი, მაგრამ ეს იყო იმის ჩვენება, რომ ჩვენ არაფერს არ დავთმობთ“, – განაცხადა მურღულიამ.

მისი თქმით, თავის დროზე, როდესაც თბილისის „დინამო“ თამაშობდა, ჩვენ არავისი არ გვეშინოდა და ნელ-ნელა ახლაც ეს დრო დგება.

„საქართველოს ისეთი ფეხბურთელები ჰყავდა, რომ არავის არ დაესიზმრება დედამიწის ზურგზე. როდესაც თავის დროზე თბილისის „დინამო“ თამაშობდა, ჩვენ არავისი არ გვეშინოდა და, ვფიქრობ, ნელ-ნელა ახლაც ეს დრო დგება, ოღონდ ვიდრე კლასს მიაღწევ, იქამდე უნდა ვიცოდეთ, რომ წესრიგი ამარცხებს კლასს და ესეც ვიხილეთ იმ დღეს მოედანზე“, – განაცხადა მურღულიამ.

მისივე თქმით, მომავალი თაობა მაგალითებზე უნდა აღიზარდოს, ეს გამარჯვებაც მაგალითად იქცა და ბავშვები ამ მაგალითზეც შეიძლება, აღიზარდონ.

„ეს მაგალითი იმდენად მნიშვნელოვნად მეჩვენება, რომ ის უკვე შეიძლება, სახელმძღვანელოებშიც კი იქნას შეტანილი. წარმატებამ მიბაძვა იცის და გუშინ ვუყურებდი, რომ ღამის პირველის ნახევარზე ეზოში ბავშვები ფეხბურთს თამაშობდნენ. ერთ-ორი ბავშვი კი არა, 15 თუ 20 იყვნენ. აი, უცებ გაჩნდა სურვილი, მეც ისეთი ვიყო, როგორიც ისინი არიან, კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და დანარჩენები. ეს ყველაფერი ახალ გამოწვევას ბადებს. ეს მუხტი არ უნდა დავარდეს და ამაზე სულ უნდა მუშაობდეს სახელმწიფო. ქვეყანაში ასეთი მაგალითები სულ წინა პლანზე უნდა იყოს, რომ პოზიტიური განწყობა ჩვენი დღის წესრიგის მთავარ მოვლენად იქცეს. ასეთი მუხტი გვჭირდება ჩვენ განვითარებისთვის, სახელმწიფოს განვითარებისთვის და საზოგადოების განვითარებისთვის. ვინც ფიქრობს, რომ რაღაცას მიაღწევს და მერე ამაზე ილივლივებს მთელი ცხოვრება, ცდება. ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძემ გვითხრა: „მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი“. ხომ ასე გვიხარია ეს ამბავი და ეს სიხარული არ უნდა დავკარგოთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ უახლოეს დღეებში და თვეებში ახალი გამოწვევები გველოდება. ჩვენ უფრო მაღალ საფეხურზე უნდა ავიდეთ, განვითარების იმპულსი არ უნდა დავკარგოთ. ევროპის პირველობაზე რომ გავალთ, დღეს ყველაფერი შეიძლება, საკმარისი აღარ იყოს და უფრო მეტი უნდა შევძლოთ“, – განაცხადა მურღულიამ.

როგორც გია მურღულიამ ასევე თქვა, ამ გამარჯვებით დავინახეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია და შეგვიძლია არა მხოლოდ სპორტში, არამედ ყველა სხვა სფეროში.

მისივე თქმით, ამ დიდებულ დღეს ამდენი ადამიანი ქმნიდა ერთ წესრიგს, ერთ განწყობას და ამიტომ, ეს დღე არის განაჩენიც და დასკვნაც.

„ეს დღე არ არის ერთადერთი დღე საქართველოს ისტორიაში, რომელიც ამას გვასწავლის, მაგრამ ეს იყო ერთ-ერთი უბრწყინვალესი დღე და ეს დღე გვასწავლის, როგორ ვიცხოვროთ, როგორ შევქმნათ ჰარმონია და როგორ მოვახერხოთ ის, რასაც ქართულ სიმღერაში ვახერხებთ – როდესაც ერთი ხმა მღერის, მეორე, ზოგჯერ შვიდი ხმა ერთად მღერის და ისინი ერთმანეთს ხელს არ უშლიან. შეიძლება, სხვადასხვანაირად იმღერონ, მაგრამ ერთი ჰარმონია შექმნან. აი, ეს უნდა ვისწავლოთ 26 მარტის დღისგანაც, 11 მოთამაშე როგორ ქმნიდა ერთ საზრისს მოედანზე, როგორი ტანჯვით, წამებით, შემართებით და ძალმოსილებით. ეს დაგვანახა ამ დღემ და მინდა, ეს დავანახო ჩემს მოსწავლეებსაც. მინდა, ეს დაინახოს ხვალინდელმა საქართველომაც და ამ წარმატებით გაიხაროს ჩვენმა წინანდელმა საქართველომაც. იმიტომ, რომ არ არსებობს ზღვარი, ისინი, ვინც იყვნენ და ისინი, ვინც ჯერ არ დაბადებულან, იზიარებენ ამ დიდ სიხარულს“, – განაცხადა გია მურღულიამ.