იაკობ ედილაშვილი - სადაზღვევო ინდუსტრია თანხმდება, რომ მესამე პირის მიმართ სამოქალაქო დაზღვევა უმჯობესია, წლის ბოლომდე ამოქმედდეს
სადაზღვევო ინდუსტრია თანხმდება, რომ მესამე პირის მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა უმჯობესია, მიმდინარე წლის ბოლომდე ამოქმედდეს, – ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია „ევროინსის“ გენერალურმა დირექტორმა, იაკობ ედილაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა.
გადაცემაში სადაზღვევო ინდუსტრიის გამოწვევები განიხილეს. ყველაზე აქტუალურ საკითხად ედილაშვილმა მესამე პირის მიმართ სამოქალქო პასუხისმგებლობის კანონპროექტი დაასახელა. აღნიშნული დაზღვევის ამოქმედება მიმდინარე წლის ივლისში იგეგმებოდა, თუმცა დღის წესრიგში მისი გადავადების საკითხი დადგა.
ედილაშვილი ვარაუდობს, რომ სამოქალქო პასუხისმგებლობის დაზღვევა ივლისისთვის ვერ ამოქმედდება, რადგან არის მთელი რიგი საკითხები, რომლებზეც თავად სადაზღვევო სექტორი ვერ თანხმდება. თუმცა სასურველია, კანონპროექტი ძალაში წლის ბოლომდე შევიდეს.
„ფაქტობრივად, ინდუსტრია და არა მარტო ინდუსტრია ვთანხმდებით, რომ მესამე პირის მიმართ სამოქალაქო პასუხიმგებლობის დაზღვევა მთავრობის მიერ დადგენილ ვადებში, დაახლოებით წლის ბოლომდე ამოქმედდეს. ეს იქნება ძალიან კარგი ნაბიჯი არამხოლოდ კომპანიებისთვის, არამედ ქვეყნისთვის“,- განაცხადა ედილაშვილმა.
ედილაშვილის თქმით, ინდუსტრია უკვე შეთანხმებულია სადაზღვევო შენატანის ე.წ. მარაოს პრინციპით ამოქმედებაზე. ეს ნიშნავს, რომ ავტომობილის მფლობელთათვის წლიური სავალდებულო შენატანის განაკვეთი თანდათან გაიზარდოს, რაც მოსახლეობისთვის შეღავათი იქნება.
„სადაზღვევო შენატანთან დაკავშირებით ინდუსტრია ვთანხმდებით, რომ მარაოს პრინციპით უნდა ამოქმედდეს. ეს ნიშნავს გადახდის თანმიმდევრობას. მოცემულ ეტაპზე სტატისტიკური მონაცემები დაზუსტებული არ გვაქვს. რეგისტრირებულია მილიონ 300 ათასი ავტომობილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მოძრაობს. სამი-ოთხი წელი სჭირდება, რომ გამოიკვეთოს მთელი რიგი საკითხები. წლიური გადასახდის განაკვეთი ძალიან რთული საკითხია. რაც მეტი იქნება, უკეთესია ბიზნესისთვის, მაგრამ საკითხავია, ეს მძიმედ ხომ არ დააწვება მოსახლეობას. მარაოს პრინციპი იმას ნიშნავს, რომ ჯერ გადასახდის ერთი ნაწილი მივიღოთ, რაც არ იქნება ტვირთი. ამასობაში მოსახლეობის შემეცნებამდე უნდა მივიტანოთ, რომ გადახდა ხდება მომავალში მისაღები სერვისისთვის“, – განმარტა ედილაშვილმა.
მისი აზრით, შემოთავაზებული 150-ლარიანი განაკვეთი ჯერ კიდევ საკამათოა. ის შეიძლება, მცირე კომპანიისთვის მისაღებია, მაგრამ მსხვილისთვის – არა. ამიტომ თანხის განაკვეთი უნდა დაზუსტდეს ისე, რომ არც ბიზნესი დაზარალდეს და არც სახელმწიფო აღმოჩნდეს ცუდი მედიატორის როლში. აქედან გამომდინარე, სადაზღვევო ბიზნესი კომპორმისზე თანახმაა.
„ახლა ვთანხმდებით, რომ გარკვეულ თანხაზე კომპრომისზე წავალთ. მთელ რიგ დათმობებზე მივდივართ. ძალიან აქტიურ ფაზაში ვართ გადასული და ფაქტობრივად, მხოლოდ ტექნიკური საკითხები დარჩა“, – განაცხადა ედილაშვილმა.