იაგო კაჭკაჭიშვილი - არჩევნების შედეგებს თუ პროპორციული არჩევნების გადმოსახედიდან შევხედავთ, ასეთი თანაფარდობის პირობებში საქართველო ვერ აიცილებდა კოალიციური ხელისუფლების პერსპექტივას
თუ არჩევნების შედეგებს პროპორციული არჩევნების გადმოსახედიდან შევხედავთ, ასეთი თანაფარდობის პირობებში საქართველო ვერ აიცილებდა კოალიციური ხელისუფლების პერსპექტივას, – ამის შესახებ სოციოლოგმა, პროფესორმა, იაგო კაჭკაჭიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
„არჩევნები იმ დაპირებით რომ ჩატარებულიყო, ფაქტია, მთლიანად პროპორციული არჩევნებით და ნულოვანი ბარიერით აუცილებლად შეიქმნებოდა კოალიციური ხელისუფლება. თუ არჩევნების შედეგებს პროპორციული არჩევნების გადმოსახედიდან შევხედავთ, ფაქტია, 52% მიიღო ოპოზიციამ, ჯამში და 48% ხელისუფლებამ. ასეთი თანაფარდობის პირობებში საქართველო ვერ აიცილებდა კოალიციური ხელისუფლების პერსპექტივას. სხვა საკითხია, კოალიციური ხელისუფლება „ქართულ ოცნებასთან“ შეიქმნებოდა თუ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ან ოპოზიციურ ძალთა გაერთიანებასთან“, – განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.
მისი თქმით, საარჩევნო სისტემის მიხედვით, დაახლოებით 41%-მდე ხმების მქონე პარტიას უფლება აქვს, მთავრობა ერთპიროვნულად ჩამოაყალიბოს და ამ პერსპექტივასთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, ოღონდ ისიც ფაქტია, რომ ერთპიროვნული მთავრობის ჩამოყალიბებას შემდეგ აუცილებლად სჭირდება უმრავლესობა პარლამენტში მთავრობის დასამტკიცებლად და უმრავლესობის შექმნის თვალსაზრისით შეიძლებოდა, „ქართულ ოცნებას“ გარკვეული წინააღმდეგობები შექმნოდა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მაჟორიტარულ არჩევნებში მეორე ტურს შესაძლოა, ხელისუფლებისთვის გარკვეული სიურპრიზები მოეტანა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა, ასეთი ვითარება ყოფილიყო მის ხელთ არსებული რიცხვებით, ეგზიტპოლებით, პარალელური დათვლებით, სარჩელებით და პროცესზე დაკვირვებით, იაგო კაჭკაჭიშვილმა განაცხადა, რომ პროპორციულ არჩევნებში „ქართული ოცნება“ 41%-ს და მთავრობის ერთპიროვნულად ჩამოყალიბების უფლებას რომ იღებდა, ამას პრაქტიკულად, ყველა კვლევა ადასტურებდა, რომელიც არჩევნებამდე ტარდებოდა და თუ ეგზიტპოლების მონაცემებსაც გავასაშუალოებთ, „ქართული ოცნების“ რეიტინგი დაახლოებით, ამ ფარგლებში მერყეობდა.
როგორც კაჭკაჭიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლების ავტორიტარიზმის მადა არ დაქვეითებულა, პირიქით ძლიერდება და ის ცდილობს, პასუხისმგებლობის ტვირთი ოპოზიციას დააკისროს.
„სასამართლო საქმეების წამოწევა ოპოზიციაზე ზეწოლის კიდევ ერთი ინსტრუმენტია და ცხადია, ხელისუფლების ხელში პანდემიაც ინსტრუმენტად არის გამოყენებული. მოკლედ, ყველა ნიშანი მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებას სურს, 2012-2020 წლის მმართველობის პარადიგმა შეინარჩუნოს. ანუ, ჰყავდეს მრავალპარტიული პარლამენტი, მაგრამ ყველა გადაწყვეტილებას თვითონ იღებდეს და ურჩევნია, ლეგიტიმურ მმართველობით სტრუქტურებში შემოსულ ოპოზიციას დააკისროს ინსტიტუციური ტვირთი; მისთვის ეს არის იდეალური ვითარება და თუ ეს ვითარება არ გამოუვა, მაშინ პარლამენტის გარეთ, ინსტიტუტების გარეთ, ქუჩაში მდგომ ოპოზიციას პასუხისმგებლობის ტვირთი მაინც დააკისროს. თუმცა, ცხადია, მას ურჩევნია, თან ჰქონდეს დემოკრატიული ანტურაჟი და ოპოზიციის სახით თან განტევების ვაცი ჰყავდეს“, – განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.
მისივე თქმით, ოპოზიციურ ფლანგზე სხვადასხვა პარტიების სახით გაჩნდა გარკვეული მიზიდულობის ცენტრები, რომლებმაც ამ ჯერზე შესაძლოა, მათთვის სასურველი მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს, მაგრამ ანგარიშგასაწევი მოთამაშეები არიან და მათთან კონსულტაციების გარეშე „ნაციონალურ მოძრაობას“ არ შეუძლია, ოპოზიციის ფლაგმანი იყოს.
„რასაკვირველია, ეს „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც მეორე პოლუსის არსებობას აბუნდოვანებს“, – განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.