იაგო კაჭკაჭიშვილი - გამოყენებითი სოციოლოგია, განსაკუთრებით პოლიტიკური კვლევების ჭრილში, საქართველოში საკმაოდ შელახულია, ამის მიუხედავად, ამ მეთოდს ყველა მიმართავს
იაგო კაჭკაჭიშვილი - გამოყენებითი სოციოლოგია, განსაკუთრებით პოლიტიკური კვლევების ჭრილში, საქართველოში საკმაოდ შელახულია, ამის მიუხედავად, ამ მეთოდს ყველა მიმართავს

გამოყენებითი სოციოლოგია, განსაკუთრებით პოლიტიკური კვლევების ჭრილში, საქართველოში საკმაოდ შელახულია, მაგრამ ამის მიუხედავად, ამ მეთოდს ყველა მიმართავს, – ამის შესახებ სოციოლოგმა, იაგო კაჭკაჭიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„როცა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები დროის ერთსა და იმავე პერიოდში, ერთი და იგივე მეთოდოლოგიით, ერთ შერჩევით მოცულობაზე ტარდება და შედეგებს ერთმანეთთან აცდენა აქვთ, ეს გამოყენებითი სოციოლოგიის რეპუტაციას ლახავს“, – განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.

მისი თქმით, წინასაარჩევნო სოციოლოგიური კვლევების მიზანი საზოგადოებაში არსებული განწყობების შესწავლაა და ამომრჩეველს ის სხვადასხვა თვალსაზრისით შეიძლება დაეხმაროს, მაგრამ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები ადამიანთა განწყობებზე რაღაცნაირად ზემოქმედებს და ამ განწყობებს განსაზღვრული მეინსტრიმული მიმართულებით წარმართავს.

„ანუ, ის შედეგები, რასაც სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, თითქოსდა, რეალურად, წინასაარჩევნო პერიოდში ადამიანთა განწყობების ფორმირებას ახდენს და ვინმეს, ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის წარმატებაში, თუ წარუმატებლობაში აჯერებს“, – განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.

როგორც სოციოლოგმა აღნიშნა, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს მანიპულირების ორი ტიპის პოტენცია აქვს, ბუნებრივი, ასე ვთქვათ, ჯანსაღი, თუ კეთილშობილური და მეორე – არაჯანსაღი.

„ბუნებრივი პოტენცია თითოეულ ამომრჩეველს პოლიტიკურ ძალთა განაწილების არსებულ სურათს უქმნის, ობიექტურ ინფორმაციას აძლევს და მას გარკვეული გადაწყვეტილების მისაღებად უბიძგებს, რაც მანიპულაციის ასე ვთქვათ, ჯანსაღი მხარეა, მაგრამ არსებობს მანიპულაციის არაჯანსაღი მხარეც და ეს ხდება მაშინ, როცა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა რეალობაში არსებულ განწყობებს კი არ აჩვენებს, არამედ განსაკუთრებით, პოლიტიკური თვალსაზრისით არის ანგაჟირებული და რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესებს ემსახურება“, – განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.