იაგო კაჭკაჭიშვილი - შორს ვარ აზრისგან, რომ შეიძლება პეტრე ცაავა მარტინ ლუთერად გამოდგეს, მაგრამ პროცესები დაიწყო და რეფორმაციის ელემენტები ნამდვილად არის
იაგო კაჭკაჭიშვილი - შორს ვარ აზრისგან, რომ შეიძლება პეტრე ცაავა მარტინ ლუთერად გამოდგეს, მაგრამ პროცესები დაიწყო და რეფორმაციის ელემენტები ნამდვილად არის

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ შეიძლება ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა მარტინ ლუთერად გამოდგეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ეს პროცესები დაიწყო, – ამის შესახებ სოციოლოგმა, პროფესორმა იაგო კაჭკაჭიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„შორს ვარ იმ აზრისგან, რომ შეიძლება ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა მარტინ ლუთერად გამოდგეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ეს პროცესები დაიწყო და რეფორმაციის ელემენტები ნამდვილად არის. შეიძლება ასე ერთმა ადამიანმა ვერ წამოიკიდოს ეს ტვირთი თავის თავზე, მაგრამ შესაძლოა, შეიქმნას ადამიანების კრიტიკული რაოდენობა, რომლებმაც შეიძლება, რეფორმაციის ტვირთი აწიონ, რაც თავად ეკლესიისთვისაც კარგია, რადგან ეს ეკლესიას საკუთარი თავის მიმართ ადეკვატურობას დაუბრუნებს“, – განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

ამ განცხადებით, იაგო კაჭკაჭიშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, ოპტიმისტების მსგავსად, ხედავს თუ არა ის ეკლესიასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესში რეფორმაციის კვალს, რაც დასავლურმა სამყარომ გაიარა, როცა კათოლიკური ეკლესია რამდენიმე ეკლესიად დაიშალა.

მისი თქმით, ქვეყანაში, სადაც სასამართლოს, პოლიციას, პარლამენტს შეუდარებლად დაბალი ნდობის ხარისხი აქვს, ვიდრე საპატრიარქოს, საზოგადოება ვერ განვითარდება.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, არის თუ არა მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით იმის ალბათობა, რომ ქვეყანაში ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტის, ეკლესიის ავტორიტეტი დაეცეს და თუ არის, რამდენად შეიძლება, მისი ავტორიტეტი დაეცეს, იაგო კაჭკაჭიშვილმა განაცხადა, რომ ვერ იტყვის, რამდენად შეიძლება, ეკლესიის ავტორიტეტი დაეცეს, რადგან ამ შემთხვევაში, ეს უტოპიური მარჩიელობა იქნება, რომელსაც პროფესიონალიზმთან არავითარი საქმე არ აქვს, მაგრამ რასაკვირველია, მიმდინარე პროცესები უარყოფითად აისახება ეკლესიის, როგორც სოციალური ინსტიტუტის, მიმართ ნდობის ფაქტორზე.

როგორც კაჭკაჭიშვილმა აღნიშნა, ეს კარგია იმ თვალსაზრისით, რომ თუ გვინდა, თანამედროვე საზოგადოებას დავემსგავსოთ, სეკულარიზმის სტანდარტი არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს.

„ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, სეკულარიზმი არის ვითარება, როდესაც რელიგიური ინსტიტუტები მხოლოდ მორწმუნეთათვის, ანუ ამა თუ იმ რელიგიური აღმსარებლობის მიმდევართათვის მნიშვნელობს, ჩვენთან კი პირიქით იყო. ეკლესია იყო უნივერსალური ღირებულების მატარებელი ინსტიტუტი, თუ შეიძლება ასე ითქვას და ეკლესიის მხრიდან ლეგიტიმაცია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს სჭირდებოდა – იქნებოდა ეს პოლიტიკა, განათლება, კულტურა თუ ა.შ. ფაქტობრივად, ჩარევა ხდებოდა სოციალური ცხოვრების ყველა უბანზე“, – განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

მისივე თქმით, მიმდინარე პროცესების უარყოფითი მხარე ის არის, რომ შესაძლოა, ამ ფაქტმა საზოგადოებაში იმედგაცრუების ხარისხი გაზარდოს და ფრუსტრაცია გამოიწვიოს.

„იმიტომ, რომ ადამიანები შესაძლოა, საყრდენის გარეშე დარჩნენ. ღმერთის ხმა, რომელიც მათ ეკლესიაში ესმოდათ, აღარ ესმით, რადგან ეკლესიამაც უგანა ღმერთს, თუ შეიძლება, ასე ითქვას. ამიტომ, ამან შესაძლოა, საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტი იმედგაცრუება და ფრუსტრაციები გამოიწვიოს, რაც ცხადია, კარგი არ არის საზოგადოების სიჯანსაღისთვის. ამიტომ, ამ პროცესს ორმაგი დატვირთვა აქვს“, – განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.