ია ნადირაშვილი - ერთი თვის განმავლობაში საქართველო წინასაახალწლო რეალიზაციას აუდიოდა, ახლა მომხმარებელი უფრო გონივრულ შენაძენს აკეთებს, ვიდრე პანიკურს
ია ნადირაშვილი - ერთი თვის განმავლობაში საქართველო წინასაახალწლო რეალიზაციას აუდიოდა, ახლა მომხმარებელი უფრო გონივრულ შენაძენს აკეთებს, ვიდრე პანიკურს

შეიძლება ითქვას, ერთი თვის განმავლობაში საქართველო წინასაახალწლო რეალიზაციას აუდიოდა. ამ ეტაპზე მომხმარებელი უფრო გონივრულ შენაძენს აკეთებს, ვიდრე პანიკურს. ბოლო მონაცემებით, მომხმარებელთა ნაკადმა იკლო, თუმცა შენაძენის კალათის ღირებულება გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მომხმარებელი ჯანდაცვის რეკომენდაციებს ითვალისწინებს და საზოგადოება სამოქალაქო პასუხისმგებლობას იჩენს, – ამის შესახებ სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ დირექტორის მოადგილე ია ნადირაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში საგანგებო ვითარებისა და ჯანმრთელობის დაცვის გამკაცრებული რეგულაციების ფონზე საცალო ვაჭრობის გამოწვევები და ქვეყანაში საქონლის მარაგების საკითხი განიხილეს.

რეგიონებში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ წარმოდგენილი სუპერმარკეტების ქსელის დირექტორის მოადგილის განმარტებით, მის ქსელში ჯანდაცვის სტრუქტურების მიერ დადგენილ უსაფრთხოების სტანდარტებს სრულად იცავენ, სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციით მომარაგება კი კომენდანტის საათის მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით შეუფერხებლად მიმდინარეობს და მომხმარებელიც უფრო გონივრულად იქცევა, ვიდრე ერთი თვის წინ.

„თავდაპირველად იყო პანიკური მოთხოვნა და ციფრები რომ შევადაროთ, შეიძლება წინასაახალწლო პერიოდს შეედაროს. შეიძლება ითქვას, რომ ერთი თვის განმავლობაში საქართველო წინასაახალწლო რეალიზაციას აუდიოდა. რეალიზაციის ზრდამ საშუალოდ 50 პროცენტი შეადგინა და იყო დღეები, როცა 200 პროცენტზეც ადიოდა პირველადი მოთხოვნის პროდუქტებსა და კონსერვაციაზე. ბოლო მაჩვენებლებით მომხმარებელთა ნაკადმა იკლო, თუმცა შენაძენის კალათის ღირებულებამ მოიმატა, რაც მიუთითებს, რომ ჩვენი მომხმარებელი ჯანდაცვის რეკომენდაციებს ითვალისწინებს. საყიდლებზე იშვიათად დადის, მაგრამ დიდ შენაძენს აკეთებს, რაც დასაფასებელია, რადგან საზოგადოებამ უკვე სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინა“, – განაცხადა ნადირაშვილმა.

მისი მოსაზრებით, მართალია აპრილში მოთხოვნა დასტაბილურდა, მაგრამ ერთის მხრივ დამდეგი დღესასწაულებისა და მეორეს მხრივ ბიზნესების ნაწილის შეჩერების გამო, ვაჭრობის ტემპი შესაძლოა, ისევ შეიცვალოს.

„აპრილში მოთხოვნა სტაბილურია. თუმცა ვნახოთ ეს ტემპი როგორ გაგრძელდება. წინ დღესასწაულებია და არ ვიცით, როგორ იმოქმედებს. ან ასე ვთქვათ ის ფაქტი, რომ გარკვეული ბიზნესები დახურულია და მოსახლეობას შეიძლება აღარა აქვს გადადებული ფინანსური რესურსი, არ ვიცით, ეს როგორ იმოქმედებს სამომავლო შენაძენებზე“, – განუცხადა ია ნადირაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.