ია მეტრეველი - ვერ დავუდექი გვერდით გამწარებულ მამას, ვის გვერდზეც ჩვენი შვილების მკვლელები და ქვეყნის დამაქცევრები დგანან
ნაცების ოცნება და გეგმაა, ქუჩაში არეულობის მოწყობა და არეულობის გზით ხელისუფლებაში დაბრუნება, რისთვისაც იყენებენ გაუბედურებულ მამას და ამ საშინელ ტრაგედიას, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
„სწორედ ამიტომ არ მივედი იმ აქციაზე და ვერ დავუდექი გამწარებულ მამას, ვის გვერდზეც ჩვენი შვილების მკვლელები და ქვეყნის დამაქცევრები დგანან. მე მთელი არსით თანავუგრძნობ დავით სალარიძეს და ზუსტად ვიცი, რასაც განიცდის, ყველაფერი ჩემს თავზე მაქვს გადატანილი“, – აღნიშნულია ია მეტრეველის განცხადებაში.
ია მეტრეველი მთავარი პროკურორის გადადგომასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ ირაკლი შოთაძეს ეს ნაბიჯი არ უნდა გადაედგა.
„რაც შეეხება შოთაძეს, ის არის კეთილშობილი ადამიანი და ძალიან გული დამწყდა, რომ თანამდებობა დატოვა. ეს ნაბიჯი არ უნდა გადაედგა. ეს ნაცების წისქვილზე ასხამს წყალს. მინდა ვუთხრა ნაცჯალათებს, არ გამოგივათ პროვოკაცია და რევოლუციის აგორება, ისე, როგორც არ გამოგივიდათ ნარკორეალიზატორების მიტინგების გზით. ხალხი ამის უფლებას არ მოგცემთ. იმედი მაქვს, რომ სამართალი აღდგება და ყველა დამნაშავე აგებს პასუხს“, – წერს ია მეტრეველი.