ია მეტრეველი - მრჩება შთაბეჭდილება, რომ დაღუპული ბავშვი არავის ახსოვს, აქციაზე „ნაციონალური მოძრაობა“ დგას, რომელიც რევანშით არის შეპყრობილი
ზაზა სალარიძის უბედურებას სრულად ვიზიარებ, მე პირველი ვიდგებოდი მის გვერდით, რომ არა ის, რაც გუშინ ვიხილეთ, მე იქ სწორედ ის ხალხი და იმ რეჟიმის წარმომადგენლები ვნახე, რომლებმაც მე შვილი მომიკლეს, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ია მეტრეველმა აღნიშნა, ზაზა სარალიძის ტრაგედია პოლიტიკურ ჭრილში გადაიზარდა.
„ზაზა სალარიძის უბედურებას სრულად ვიზიარებ. მე პირველი ვიდგებოდი მის გვერდით, რომ არა ის, რაც გუშინ ვიხილეთ. მე იქ სწორედ ის ხალხი და იმ რეჟიმის წარმომადგენლები ვიხილე, რომლებმაც შვილი მე მომიკლეს და არა მარტო მე, 150 ბავშვი და ახალგაზრდა ქუჩაში უმოწყალოდ ჩახოცეს. სწორედ ეს ხალხი დგას და სამართალს ითხოვს. გუშინდლის შემდეგ ამ ყველაფრის მიმართ შეხედულება შემეცვალა, რადგან ეს ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში გადაიზარდა”, – განაცხადა ია მეტრეველმა.
როგორც ია მეტრეველი აცხადებს, რჩება შთაბეჭდილება, რომ დაღუპული ბავშვი არავის ახსოვს, იქ „ნაციონალური მოძრაობა“ დგას, რომელიც რევანშით არის შეპყრობილი და რომლის სურვილიც ხელისუფლებაში ძალისმიერი გზით დაბრუნებაა.
„ეს სააკაშვილის დიდი ხნის მიზანია და პროცესები სწორედ ამ გეგმის მიხედვით მიდის. გული მწყდება, რომ ზაზა სარალიძე რევანშისტების ხელში აღმოჩნდა. „ფეისბუქზეც“ გავრცელდა ინფორმაცია, ეს ადამიანიც მათი მომხრეა. ჩემთვის გაუგებარია გამწარებული მამა დღეს რას ითხოვს, რადგან ყველა მისი მოთხოვნა ფაქტობრივად უკვე შესრულებულია და სრულდება. პირველად მოთხოვნა პროკურორის გადადგომაზე დააყენეს და ვიხილეთ, რომ პროკურორი მაშინვე გადადგა. ასევე მას პრემიერ-მინისტრი პირადად ეახლა და დაპირდა, რომ საქმეს ბოლომდე მიიყვანდა, რაშიც დარწმუნებული ვარ და ძალიან მალე ყველა დამნაშავე დასჯილი იქნება. ასევე პარლამენტმა საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. რასაც ეს ადამიანი დღეს განიცდის, ჩვენ 14 წლის წინ გადავიტანეთ. მაშინ პროკურორის გადადგომა კი არა, ჩვენ არც ერთ ადამიანს არ შეგვხვედრია არც პროკურორი და არც არავინ. შეხვედრა კი არა, მუქარა აქეთ იყო და საშინელი ზეწოლის ქვეშ ვიყავით. ფაქტობრივად სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ვიდექით და ვიცავდით ჩვენი მოკლული შვილების უფლებებს. მაშინ ჩვენი შვილები სისტემამ დახოცა”, – განაცხადა ია მეტრეველმა.