Human Rights Watch - ვენეციის კომისიამ პროპორციული საარჩევნო სისტემის გადავადებას „ძალიან სამწუხარო“ უწოდა
ვენეციის კომისიამ, იურიდიულ საკითხებზე ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანომ, დადებითად შეაფასა საკონსტიტუციო რეფორმა, მაგრამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადავადებას „ძალიან სამწუხარო“ და „კონსენსუსის მიღწევის გზაზე მთავარი დაბრკოლება“ უწოდა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს შესახებ Human Rights Watch-ის 2017 წლის ანგარიშში.
ანგარიშში, საკონსტიტუციო რეფორმის ნაწილში, აღნიშნულია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა, პრეზიდენტმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ახალი კონსტიტუცია მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმის 2024 წლამდე გადავადების გამო გააკრიტიკეს.
„ვენეციის კომისია მიესალმა მმართველი პარტიის განზრახვას, ცვლილებები შეიტანოს ახალ კონსტიტუციაში, მათ შორის, დაუშვას საარჩევნო ბლოკების შექმნა და საარჩევნო ბარიერის ერთჯერადად 3%-მდე შემცირება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რათა შემცირდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადავადების უარყოფითი შედეგები“, – აღნიშნულია საქართველოს შესახებ Human Rights Watch-ის 2017 წლის ანგარიშში.
საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch საქართველოს შესახებ 2017 წლის ანგარიშს აქვეყნებს.
ანგარიშში საუბარია საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმაზე, პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე, ნარკოპოლიტიკაზე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაზე, შრომით უფლებებსა და მედიის თავისუფლებაზე.