Human Rights Watch-ი საქართველოს შესახებ 2017 წლის ანგარიშს აქვეყნებს
Human Rights Watch-ი საქართველოს შესახებ 2017 წლის ანგარიშს აქვეყნებს

საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch საქართველოს შესახებ 2017 წლის ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშში საუბარია საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმაზე, პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე, ნარკოპოლიტიკაზე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაზე, შრომით უფლებებსა და მედიის თავისუფლებაზე.

„2017 წელს მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული ტემპით, ფართო პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის გარეშე, განახორციელა საკონსტიტუციო რეფორმა, რომლითაც უნდა დასრულებულიყო ქვეყნის საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე გადასვლა.

სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე პასუხისმგებლობის ნაკლებობა კვლავ პრობლემად რჩება. საქართველო განაგრძობდა ნარკომომხმარებლების მიმართ დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკის გატარებას.

შეშფოთებას იწვევდა მდგომარეობა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, შრომის უფლებების, მედიის თავისუფლების და ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით“, – აღნიშნულია Human Rights Watch-ის ანგარიშში.

 

საკონსტიტუციო რეფორმა

ოპოზიციურმა პარტიებმა, პრეზიდენტმა და არასამათავრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს ახალი კონსტიტუცია, მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმის 2024 წლამდე გადავადების გამო. ვენეციის კომისიამ, იურიდიულ საკითხებზე ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანომ, დადებითად შეაფასა საკონსტიტუციო რეფორმა, მაგრამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადავადებას „ძალიან სამწუხარო“ და „კონსენსუსის მიღწევის გზაზე მთავარი დაბრკოლება“ უწოდა.

ვენეციის კომისია მიესალმა მმართველი პარტიის განზრახვას, ცვლილებები შეიტანოს ახალ კონსტიტუციაში, მათ შორის, დაუშვას საარჩევნო ბლოკების შექმნა და საარჩევნო ბარიერის ერთჯერადად 3%-მდე შემცირება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რათა შემცირდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადავადების უარყოფითი შედეგები.

 

პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე პასუხისმგებლობის ნაკლებობა

საქართველოს არ გააჩნია დამოუკიდებელი, ეფექტიანი მექანიზმი სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იწყება გამოძიება, ის მიმდინარეობს ისეთი მუხლებით, რომლებიც მსუბუქ, შეუსაბამო სანქციებს ითვალისწინებს, მაგალითად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და იშვიათად დგება გამამტყუნებელი განაჩენები. შესაბამისი ორგანოები მომჩივნებს ხშირად არ ანიჭებენ მსხვერპლის სტატუსს, რაც მათ შესაძლებლობას ართმევს, შეისწავლონ გამოძიების მასალები.

2016 წლის ნოემბრიდან ამ ანგარიშის მომზადების მომენტამდე ერთ-ერთმა წამყვანმა უფლებადამცველმა ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 25 საჩივარი მიიღო წამებისა და არასათანადო მოპყრობის თაობაზე, რომელთაგან 20 საჩივარი პოლიციის მიერ, ხოლო ხუთი – ციხის პერსონალის მიერ წამებასა და არასათანადო მოპყრობას ეხებოდა.

2014 წლიდან ამ ანგარიშის მომზადების მომენტამდე პროკურატურამ, სახალხო დამცველის მოთხოვნის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო სავარაუდო წამებისა და არასათანადო მოპყრობის 63 ფაქტზე. ამ გამოძიებებს შედეგად არცერთი სისხლისსამართლებლივი პასუხისმგებლობა არ მოჰყოლია.

მაისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და პოლიტიკური აქტივისტი აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრალური უბნიდან გაუჩინარდა. 24-საათზე ნაკლებ დროში, იგი აზერბაიჯანის სასაზღვრო პოლიციის პატიმრობაში აღმოჩნდა საზღვრის უკანონო გადაკვეთის და სხვა შეთითხნილი ბრალდებებით. საქართველოში პოლიტიკურ დევნილობაში მცხოვრები მუხთარლის მტკიცებით, ის ქართული პოლიციის ფორმიანმა და ქართულად მოსაუბრე რამდენიმე ადამიანმა მის საცხოვრებელ სახლთან ახლოს გააჩერა, თავზე ტომარა ჩამოაცვა, მანქანაში ძალით ჩასვა, სცემა და წაიყვანა.

შესაბამისმა უწყებებმა დროულად დაიწყეს გამოძიება და უარყოფდნენ უსაფრთხოების სამსახურის მონაწილეობას შესაძლო გატაცებაში. მოგვიანებით, მზარდი საერთაშორისო და ადგილობრივი კრიტიკის ფონზე, კონტრდაზვერვის სამსახურის და სასაზღვრო პოლიციის რამდენიმე მაღალჩინოსანს უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდა.

 

ნარკოპოლიტიკა

წინა წლებთან შედარებით, მონაცემების კლების მიუხედავად საქართველო კვლავ იყენებდა ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მკაცრ კანონებს ნარკომომხმარებელთა სისხლისსამართლებრივი დევნისთვის იმ პირობებში, როდესაც მკურნალობის შესაძლებლობები შეზღუდული რჩება. საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის გადაწყვეტილების აღსრულებისთვის, რომლითაც მარიხუანის შენახვისთვის პირის დაპატიმრება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, პარლამენტმა, 2017 წლის ივლისში, კანონმდებლობაში შეიტანა ცვლილება, რითიც გაუქმდა პატიმრობა როგორც სასჯელის ზომა 70 გრამამდე მარიხუანის შენახვისთვის; თუმცა, პატიმრობა სასჯელის ზომად რჩება ამ ნივთიერების უფრო დიდი მოცულობით შენახვისთვის. ნარკოდანაშაულები ხშირად ისჯება არაპროპორციულად ხანგრძლივი პატიმრობით, ძალიან მაღალი ჯარიმებით და სხვა უფლებების შეზღუდვით. პოლიციამ ათასობით ადამიანს იძულებითი ნარკოტესტირება ჩაუტარა და ზოგ შემთხვევაში, მათი დაკავება 12 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

ივნისში პოლიციამ ორი რეპერი, მიხეილ მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია, დიდი ოდენობით აკრძალული ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. მგალობლიშვილი და ქებურია აცხადებდნენ, რომ პოლიციამ მათ ნარკოტიკები იმ ვიდეო კლიპის გამო ჩაუდო, რომელშიც პოლიცია გააშარჟეს. საზოგადოების აღშფოთების შემდეგ სასამართლომ ორივე დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და გამოძიება დაიწყო პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე. ამ ანგარიშის მომზადების დროისთვის ორივე გამოძიება მიმდინარეობდა.

 

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება

მარტში პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილება კანონში ფარული თვალთვალის და მიყურადების შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა ახალი სააგენტოს შექმნას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში. 2016 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კანონმდებლობა, რომლითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს პირდაპირი და შეუზღუდავი ტექნიკური წვდომა ჰქონდა სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ქსელებთან კომუნიკაციის მონიტორინგისათვის. სასამართლომ დაადგინა, რომ ეს სისტემა დიდი ოდენობით პირადი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების შესაძლებლობას იძლეოდა ეფექტიანი კონტროლის გარეშე და მოითხოვა ფარული თვალთვალისა და მიყურადების დამოუკიდებელი ზედამხედველობა. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, პრეზიდენტის და სახალხო დამცველის მხარდაჭერით, ახალი კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა; ისინი ამტკიცებენ, რომ კანონი არ უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვას, რადგან ახალი სააგენტოს დამოუკიდებლობის ხარისხი არ არის სათანადო.

 

სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა

ახალი კონსტიტუციით ქორწინება განისაზღვრა როგორც „ქალისა და მამაკაცის კავშირი“. ამ განსაზღვრებამ გაამყარა სამოქალაქო კოდექსში წლების განმავლობაში არსებული განსაზღვრება. უფლებადამცველი ორგანიზაციები შიშობდნენ, რომ კონსტიტუციის მეშვეობით ერთსა და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების ბარიერის გამყარება კიდევ უფრო გააძლიერებდა ფართოდ გავრცელებულ ჰომოფობიას. ვენეციის კომისიის განცხადებით, კონსტიტუციის ეს მუხლი „არ უნდა განიმარტოს ისე, რომ გამორიცხოს ერთსა და იმავე სქესის პირთა შორის კავშირი“. კომისიამ მოუწოდა საქართველოს, უზრუნველყოს ერთსა და იმავე სქესის პარტნიორებს შორის ურთიერთობის სამართლებრივად აღიარება.

მაისში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გეი უფლებების დამცველ აქტივისტთა და მხარდამჭერთა მცირერიცხოვანი ჯგუფი თბილისში მთავრობის მთავარი შენობის წინ შეიკრიბა გაძლიერებული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობებში. კონტრდემონსტრანტებისგან ამ ჯგუფის დასაცავად პოლიციამ ბარიერები აღმართა, აქტივისტები წინასწარ ორ ადგილას შეკრიბა და აქციაზე მათი მიყვანა და იქიდან წამოყვანა მუნიციპალური ავტობუსებით დაცვის თანხლებით უზრუნველყო.

აგვისტოში, ბათუმში, სამ ტრანსგენდერ ქალსა და ლგბტ უფლებადამცველი ორგანიზაციის „თანასწორობის მოძრაობის“  ორ აქტივისტს დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ და აქტივისტებს ლევან ბერიანიძესა და თორნიკე კუსიანს დაზიანებები მიაყენეს. ინციდენტის დროს თავდამსხმელები ჰომოფობიურ გამონათქვამებს იყენებდნენ. იქვე მდგომმა პოლიციელებმა არაფერი გააკეთეს თავდამსხმელთა შესაჩერებლად. ამის ნაცვლად, პოლიციელებმა ბერიანიძე და კუსიანი მიწაზე დააგდეს, წიხლები დაუშინეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მათ სავარაუდოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მეორე დღეს სასამართლომ ბერიანიძე და კუსიანი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააჯარიმა. უფლებადამცველთა ჯგუფებმა და სახალხო დამცველმა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობისა და ჰომოფობიურ ნიადაგზე თავდასხმის ფაქტების გამოძიების დროულად ჩატარება მოითხოვეს. შესაბამისმა ორგანოებმა შიდა მოკვლევა დაიწყეს, რომელიც ამ ანგარიშის მომზადების დროისთვის ისევ მიმდინარეობდა.

ივლისში საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო გეი და ბისექსუალი მამაკაცებისთვის სისხლის დონაციის უფლების აკრძალვა.

 

შრომითი უფლებები

ყოველ წელს ათეულობით მუშა იღუპება და ასობით შავდება საწარმოო ინციდენტების შედეგად. სახალხო დამცველის ინფორმაციით, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო ბოლო 5 წელიწადში 270 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 18 ადამიანი 2017 წლის პირველ ნახევარში დაიღუპა. სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ შრომის ინსპექციას აკრიტიკებდნენ სტანდარტების აღსრულების უფლებამოსილების არქონის გამო, რის შედეგადაც სამუშაო ადგილებზე ვერ დაინერგა ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვის ეფექტიანი ზომები. სამუშაოს შესრულების დროს მომხდარი ინციდენტების გამოძიება იშვიათად მთავრდება ვინმეს პასუხისმგებლობის დაყენებით.

 

მედიის თავისუფლება

დავა ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის რუსთავი 2-ის საკუთრების საკითხზე, რომელიც უკვე მესამე წელია მიმდინარეობს, 2017 წელსაც გაგრძელდა და შეშფოთებას იწვევდა ხელისუფლების მედიაში ჩარევის თაობაზე. მარტში უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ტელეკომპანიის ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში დაბრუნების თაობაზე. ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის მფლობელი 2004-2006 წლებში იყო. მისი მტკიცებით მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას ტელეკომპანიის საბაზროზე ნაკლებ ფასად გაყიდვა აიძულა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ ერთხმად, საქმის განხილვის დღესვე მიიღო ისე, რომ მხარეებს ზეპირი არგუმენტების წარმოდგენის შესაძლებლობა არ მისცა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დროებით შეჩერება მოითხოვა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, თავი შეიკავოს ტელეკომპანიის საქმიანობაში ჩარევისგან.

თებერვალში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა ხელმძღვანელობამ რამდენიმე პოლიტიკური ტოქშოუს გაუქმების შესახებ განაცხადა და მიზეზად მაუწყებლის ტექნიკური აღჭურვისა და პროგრამირების განახლების გეგმები დაასახელა. ივნისში მაუწყებელმა შეწყვიტა „რადიო თავისუფლებისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ორი ერთობლივი პროგრამის ტრანსლირება. რეგიონულმა აჭარის ტელევიზიამ ორივე გაუქმებული პროგრამა საკუთარ ეთერში განათავსა.

 

ძირითადი საერთაშორისო აქტორები

ივნისის რეზოლუციით ევროპარლამენტმა აფგან მუხთარლის გატაცება დაგმო და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, ეფექტიანად გამოიძიოს საქართველოში მისი გაუჩინარების და „აზერბაიჯანში უკანონოდ გადაყვანის“ ფაქტები და პასუხისგებაში მისცეს შემსრულებლები.

ევროპაში მედიის თავისუფლების შესახებ იანვარში მიღებულ რეზოლუციაში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ შეშფოთება გამოხატა რუსთავი 2-ის საკუთრების ირგვლივ მიმდინარე დავასთან დაკავშირებით და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, „განაგრძოს სახელმწიფო და კერძო მედიის დამოუკიდებლობის და მრავალფეროვნების გაძლიერება“.

მარტში, რუსთავი 2-ის საკითხზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში ხელისუფლებას მოუწოდა, უზრუნველყოს მედიის დამოუკიდებლობა და პლურალიზმი.

საქართველოს თაობაზე დასკვნით შენიშვნებში, რომელიც მარტში გამოქვეყნდა, გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა აღნიშნა გარკვეული პროგრესი, მათ შორის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღება, მაგრამ გამოთქვა შეშფოთება ფიზიკური დასჯის, სექსუალური ექსპლოატაციის და ძალადობის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და იძულებით გადაადგილებული ბავშვების უფლებებთან დაკავშირებით.

აგვისტოში საქართველოში ვიზიტის დროს აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა ხაზი გაუსვა იმ საკითხებს, რომლებიც ამ ორ ქვეყანას აკავშირებს, მათ შორის, „თავისუფლების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის“ მნიშვნელობას.

სექტემბერში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოსთვის წარდგენილ მოხსენებაში ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა კომისარმა  ხაზი გაუსვა წამების და არასათანადო მოპყრობის გამოძიებისთვის დამოუკიდებელი მექანიზმის არარსებობას, აგრეთვე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და მედიის თავისუფლების ხელყოფის ფაქტებს  საქართველოში. საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში შესვლის შეუძლებლობის მიუხედავად, კომისარმა აღნიშნა, რომ ამ ტერიტორიებზე არსებული პრაქტიკა „ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას უტოლდება“.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აგრძელებდა ომის დანაშაულების და ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულების გამოძიებას, რომლებიც სავარაუდოდ ჩადენილი იქნა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებამდე, ომის დროს და ომის შემდეგ.

დატოვე კომენტარი