ლევან იოსელიანი - მჯერა, ქართველი პოლიტიკოსები ვერ იტყვიან უარს მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებაზე, რადგან დემოკრატიული განვითარება და ევროპისკენ სვლა არის ქართველი ხალხის მიერ დეკლარირებული არჩევანი
ლევან იოსელიანი - მჯერა, ქართველი პოლიტიკოსები ვერ იტყვიან უარს მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებაზე, რადგან დემოკრატიული განვითარება და ევროპისკენ სვლა არის ქართველი ხალხის მიერ დეკლარირებული არჩევანი

ძალიან კარგად მესმის ანგარიშში ჩამოთვლილი პრობლემები, რომლებზეც პასუხისმგებელი საქართველოს მთავრობაა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენელმა, ლევან იოსელიანმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც იოსელიანმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ანგარიშის ერთ-ერთი ნაწილი ეთმობა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას და მის შედეგებს.

„დიახ, ქართველმა ხალხმა ყველაზე კარგად იცის, რას გრძნობენ დღეს უკრაინაში. საქართველოს თავადაც აქვს გამოცდილი რუსეთის სამხედრო თავდასხმა. 2008 წლის შემდეგ დღემდე რუსეთი ახორციელებს ე.წ. მცოცავ ანექსიას და არღვევს საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს. ეს ძალიან თვალსაჩინო და ხელშესახებია. ამასთან ერთად რუსეთის პროპაგანდა ავრცელებს დეზინფორმაციას, მუდმივად გეგმავს პროვოკაციებს, რაც მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიისთვის საფრთხის შექმნას. რუსეთის პოლიტიკა არა მხოლოდ სპეციფიკური ქვეყნების სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას ემუქრება, არამედ ის დემოკრატიულ ღირებულებებს უქმნის საფრთხეს. მიუხედავად ამისა, დემოკრატიული განვითარება არის საქართველოს ხალხის მტკიცე არჩევანი და მისი შეცვლა არავის ძალუძს.

ცხადია, ჩვენ ბევრი პრობლემა გვაქვს სხვადასხვა სფეროში და ეს ნახსენებია ანგარიშში. როგორც ოპოზიციონერ პარლამენტარს, მე ძალიან კარგად მესმის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ფუნდამენტური რეფორმების გატარება, რომ ეს პრობლემური საკითხები გადაიჭრას. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მართლმსაჯულების რეფორმის გატარებაზე პასუხისმგებლობა მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა აიღოს. ასევე მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდი, გარანტიების შექმნა ადამიანის უფლებების დაცვისთვის და პოლიტიკური ინსტიტუტების ჩამოყალიბება. მჯერა, რომ ქართველი პოლიტიკოსები ვერ იტყვიან უარს მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებაზე, რადგან დასავლური ღირებულებები, დემოკრატიული განვითარება და ევროპისკენ სვლა არის ქართველი ხალხის მიერ დეკლარირებული არჩევანი. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რუსეთთან სამი ომის შემდეგ, ქართველი ხალხი ნამდვილად იმსახურებს ევროპულ მომავალს“,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.