Human Rights Watch - საქართველოში ნარკოდანაშაული ხშირად ისჯება არაპროპორციულად ხანგრძლივი პატიმრობით
Human Rights Watch - საქართველოში ნარკოდანაშაული ხშირად ისჯება არაპროპორციულად ხანგრძლივი პატიმრობით

წინა წლებთან შედარებით, მონაცემების კლების მიუხედავად, საქართველო კვლავ იყენებდა ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მკაცრ კანონებს ნარკომომხმარებელთა სისხლისსამართლებრივი დევნისთვის იმ პირობებში, როდესაც მკურნალობის შესაძლებლობები შეზღუდული რჩება, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს შესახებ Human Rights Watch-ის 2017 წლის ანგარიშში.

ანგარიშში, ნარკოპოლიტიკის ნაწილში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტმა კანონმდებლობაში შეიტანა ცვლილება, რომლითაც 70 გრამამდე მარიხუანის შენახვისთვის სასჯელის ზომად პატიმრობა გაუქმდა.

„საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის გადაწყვეტილების აღსრულებისთვის, რომლითაც მარიხუანის შენახვისთვის პირის დაპატიმრება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, პარლამენტმა, 2017 წლის ივლისში, კანონმდებლობაში შეიტანა ცვლილება, რითიც გაუქმდა პატიმრობა როგორც სასჯელის ზომა 70 გრამამდე მარიხუანის შენახვისთვის;

თუმცა, პატიმრობა სასჯელის ზომად რჩება ამ ნივთიერების უფრო დიდი მოცულობით შენახვისთვის. ნარკოდანაშაულები ხშირად ისჯება არაპროპორციულად ხანგრძლივი პატიმრობით, ძალიან მაღალი ჯარიმებითა და სხვა უფლებების შეზღუდვით. პოლიციამ ათასობით ადამიანს იძულებითი ნარკოტესტირება ჩაუტარა და ზოგ შემთხვევაში, მათი დაკავება 12 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

ივნისში პოლიციამ ორი რეპერი, მიხეილ მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია, დიდი ოდენობით აკრძალული ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. მგალობლიშვილი და ქებურია აცხადებდნენ, რომ პოლიციამ მათ ნარკოტიკები იმ ვიდეო კლიპის გამო ჩაუდო, რომელშიც პოლიცია გააშარჟეს.

საზოგადოების აღშფოთების შემდეგ სასამართლომ ორივე დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და გამოძიება დაიწყო პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე. ამ ანგარიშის მომზადების დროისთვის ორივე გამოძიება მიმდინარეობდა“, – აღნიშნულია Human Rights Watch-ის ანგარიშში.

საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch საქართველოს შესახებ 2017 წლის ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშში საუბარია საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმაზე, პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე, ნარკოპოლიტიკაზე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაზე, შრომით უფლებებსა და მედიის თავისუფლებაზე.