ვახტანგ გომელაური - 2022 წელთან შედარებით, ნარკოდანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელი 21 პროცენტით გაიზარდა
ვახტანგ გომელაური - 2022 წელთან შედარებით, ნარკოდანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელი 21 პროცენტით გაიზარდა

2023 წელს მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა. პოლიციის და სხვა სამართალდამცავი უწყებების აქტიური ბრძოლის შედეგად, 2022 წელთან შედარებით, ნარკოდანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელი 21 პროცენტით გაიზარდა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით, „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა“ შემუშავდა.

„რაც შეეხება ორგანიზებულ დანაშაულს, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა გასულ წელსაც პრიორიტეტად დარჩა. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით, შემუშავდა „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა“, რომელიც აერთიანებს კომპლექსურ უწყებათაშორის აქტივობებს და შემუშავებულია შემდეგი სამი ძირითადი მიზნის ფარგლებში: „კანონიერი ქურდებისა“ და „ქურდული სამყაროს“ წევრების წინააღმდეგ ბრძოლის სისტემური გაძლიერება; კიბერდანაშაულის პრევენციული მექანიზმებისა და გამოძიების ეფექტიანობის ამაღლება/გაუმჯობესება; ნარკოტრანზიტის და ნარკოვაჭრობის ბრძოლის მიმართულებით გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება. სამოქმედო გეგმის ფარგლებში დაინერგა დანაშაულის სტატისტიკის წარმოების განახლებული ფორმა, რომელიც, სხვა საკითხებს შორის, უზრუნველყოფს ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით სტატისტიკის დეტალური ფორმით დამუშავებას. ევროკომისიამ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშში დადებითად შეაფასა და ხაზი გაუსვა აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტების არსებობის მნიშვნელობას“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.