Human Rights Watch - საქართველოს არ აქვს ეფექტიანი მექანიზმი სამართალდამცავთა დანაშაულების გამოსაძიებლად
საქართველოს არ აქვს დამოუკიდებელი, ეფექტიანი მექანიზმი სამართალდამცავთა დანაშაულების გამოსაძიებლად, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს შესახებ Human Rights Watch-ის 2017 წლის ანგარიშში.
საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ თუ კონკრეტულ საქმეზე გამოძიება დაიწყო, ის მიმდინარეობს ისეთი მუხლებით, რომლებიც მსუბუქ, შეუსაბამო სანქციებს ითვალისწინებს და იშვიათად დგება გამამტყუნებელი განაჩენები.
„შესაბამისი ორგანოები მომჩივნებს ხშირად არ ანიჭებენ მსხვერპლის სტატუსს, რაც მათ შესაძლებლობას ართმევს, შეისწავლონ გამოძიების მასალები.
2016 წლის ნოემბრიდან ამ ანგარიშის მომზადების მომენტამდე ერთ-ერთმა წამყვანმა უფლებადამცველმა ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 25 საჩივარი მიიღო წამებისა და არასათანადო მოპყრობის თაობაზე, რომელთაგან 20 საჩივარი პოლიციის მიერ, ხოლო ხუთი – ციხის პერსონალის მიერ წამებასა და არასათანადო მოპყრობას ეხებოდა.
2014 წლიდან ამ ანგარიშის მომზადების მომენტამდე პროკურატურამ, სახალხო დამცველის მოთხოვნის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო სავარაუდო წამებისა და არასათანადო მოპყრობის 63 ფაქტზე. ამ გამოძიებებს შედეგად არცერთი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ მოჰყოლია.
მაისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და პოლიტიკური აქტივისტი აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრალური უბნიდან გაუჩინარდა. 24-საათზე ნაკლებ დროში, იგი აზერბაიჯანის სასაზღვრო პოლიციის პატიმრობაში აღმოჩნდა საზღვრის უკანონო გადაკვეთის და სხვა შეთითხნილი ბრალდებებით. საქართველოში პოლიტიკურ დევნილობაში მცხოვრები მუხთარლის მტკიცებით, ის ქართული პოლიციის ფორმიანმა და ქართულად მოსაუბრე რამდენიმე ადამიანმა მის საცხოვრებელ სახლთან ახლოს გააჩერა, თავზე ტომარა ჩამოაცვა, მანქანაში ძალით ჩასვა, სცემა და წაიყვანა.
შესაბამისმა უწყებებმა დროულად დაიწყეს გამოძიება და უარყოფდნენ უსაფრთხოების სამსახურის მონაწილეობას შესაძლო გატაცებაში. მოგვიანებით, მზარდი საერთაშორისო და ადგილობრივი კრიტიკის ფონზე, კონტრდაზვერვის სამსახურის და სასაზღვრო პოლიციის რამდენიმე მაღალჩინოსანს უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდა“, – აღნიშნულია Human Rights Watch-ის ანგარიშში.
საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch საქართველოს შესახებ 2017 წლის ანგარიშს აქვეყნებს.
ანგარიშში საუბარია საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმაზე, პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე, ნარკოპოლიტიკაზე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაზე, შრომით უფლებებსა და მედიის თავისუფლებაზე.