ჰუბერტ ქნირში - გერმანიის ეკონომიკასა და ბიზნესს სჭირდება მუშახელი, მიგრანტებისთვის დასაქმების პროცედურა უახლოეს წლებში გამარტივდება
ერთი წლის წინ გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის კატასტროფულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, ახლა კი რაოდენობა ნამდვილად იკლებს, – განაცხადა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.
„როგორც წესი, რაოდენობა ზამთარში იზრდება, ზაფხულში კი იკლებს. არ ვიცი, ეს მეტეოროლოგიურ პირობებთან არის დაკავშირებული, თუ პოლიტიკურ მდგომარეობასთან, ან რამე პოლიტიკურ დევნასთან აქვს საქმე“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, დადასტურდა თუ არა ინფორმაცია, რომ არსებობს ორგანიზებული კრიმინალური ქსელი, რომელსაც ქართველი დამნაშავეები გერმანიაში ორგანიზებულად ჩაჰყავს და ასაქმებს, როგორც ეს გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის ანგარიშში იყო ნავარაუდევი, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა, რომ არსებობს ორგანიზებული დანაშაული და განსხვავებული ქსელები, რომელთაც განსხვავებული მასშტაბები აქვთ.
„ასე ვთქვათ, ქართული დანაშაული გერმანიიდან გადავიდა, გადანაწილდა სხვა ქვეყნებზე. მაგალითად, შვედეთსა და საბერძნეთში. ეს ძალიან სწრაფად შეიცვალა და ბუნებრივია, ამას აქვს ორგანიზებული დანაშაულის სახე“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.
ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, დგას თუ არა ახლა საკითხი ასე, რომ ორგანიზებული კრიმინალური ქსელის არსებობა საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლისთვის საფრთხეა, როგორც ამას ცოტა ხნის წინ მიიჩნევდა გერმანული პოლიტიკური ისტებლიშმენტი, ჰუბერტ ქნირშმა აღნიშნა, რომ უვიზო მიმოსვლა არის ევროპის მხრიდან საქართველოს მიმართ ნდობის გამოცხადება და მიზანი ამ ნდობის შენარჩუნება-გაძლიერებაა, რადგან ეს ძალიან დიდი მონაპოვარია არამხოლოდ ქართულ-გერმანულ, არამედ ქართულ-ევროპულ ურთიერთობებში.
შეკითხვაზე, არჩევს თუ არა გერმანია მიგრანტებს პროფესიის მიხედვით და დაუშვებს თუ არა ქვეყანაში საცხოვრებლად კვალიფიციურ მუშახელს, ჰუბერტ ქნირშმა აღნიშნა, რომ გერმანიას ეკონომიკასა და ბიზნესში დასაქმებული მუშახელი სჭირდება და ეს პროცედურა უახლოესი წლების განმავლობაში გამარტივდება.
„მაღალი კვალიფიკაცია გადამწყვეტი კრიტერიუმია და მათ შორის, უმაღლესი განათლება. გერმანიაში ძალიან ბევრი ქართველი სწავლობს. ირაკლი, შენ ამის კლასიკური მაგალითი ხარ. ბევრი რჩება გერმანიაში და აგრძელებს პროფესიულ საქმიანობას, ბევრიც საქართველოში ბრუნდება, ან სხვა ქვეყანაში გადადის. მათ აქვთ გარკვეული ცოდნა და გამოცდილება. რაც შეეხება სხვა დანარჩენ პროფესიებს, აქ, რა თქმა უნდა, რთულია. მაგალითად, სახელობო პროფესიებში ხელმისაწვდომობა არ არის იმდენად მარტივი შრომის ბაზართან. ასევე, გერმანიის ეკონომიკასა და ბიზნესში ჩვენ გვჭირდება დასაქმებული მუშახელი. ეს უახლოესი წლების განმავლობაში გამარტივდება და ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახდება“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.