ნიკოლოზ სამხარაძე - გერმანიის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ საქართველოს მალე ექნება კანდიდატის სტატუსი, გერმანია სერიოზულად ფიქრობს ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოებაზე
ნიკოლოზ სამხარაძე - გერმანიის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ საქართველოს მალე ექნება კანდიდატის სტატუსი, გერმანია სერიოზულად ფიქრობს ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოებაზე

გერმანიაში ყველა დეპუტატი ამბობდა, რომ მომხრე იყვნენ, საქართველოს ჯერ კიდევ ივნისში მიეღო კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გერმანიაში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით განაცხადა.

„ამ ორი დღის განმავლობაში არ შევხვედრილვართ არცერთ დეპუტატს არცერთი პარტიიდან, რომელსაც ეთქვა, რომ საქართველოსთვის არ უნდა მიეცათ კანდიდატის სტატუსი. პირიქით, ყველა მათგანი ამბობდა, რომ ისინი მომხრე იყვნენ, საქართველოს ჯერ კიდევ ივნისში მიეღო კანდიდატის სტატუსი და ამ მხრივ, ფაქტობრივად, ერთიანობა არის სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს, როგორც კოალიციის პარტიებს, ასევე მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ წევრებს შორის. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, შემიძლია, ვთქვა, რომ ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სახელმწიფო მდივანთან, რომელმაც ძალიან ხაზგასმით განაცხადა, რომ საქართველოს ჯერ არ აქვს კანდიდატის სტატუსი და მალე ექნება, ასევე ხაზგასმით განაცხადა, რომ გერმანია სერიოზულად ფიქრობს აღმოსავლეთით ევროკავშირის გაფართოებაზე, ასევე სერიოზულად ფიქრობენ იმაზე, რომ ევროკავშირის წევრების რაოდენობა მალე შეიძლება იყოს 36 და ამ წევრებში, რა თქმა უნდა, საქართველოც მოიაზრება. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ გერმანიაში და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ოპტიმიზმით აღგვავსებს დელეგაციის თითოეულ წევრს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.