საქართველოს გერმანიის ბუნდესტაგის გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფი ეწვევა
22-24 მარტს საქართველოს გერმანიის ბუნდესტაგის გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფი ეწვევა.
საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, დელეგაციაში იქნებიან თაბეა რიოსნერი (კავშირი 90/მწვანეები), ნიკო ტიპელტი (თავისუფალ დემოკრატთა პარტია), გიოქაი აქბულუთი (მემარცხენეები) და ფალკო დროსმანი (სოციალ-დემოკრატიული პარტია).
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეებთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ალექსანდრე ხვთისიაშვილთან.
„დელეგაციის ვიზიტის მიზანს წარმოადგენს მრავალი წლის განმავლობაში არსებული კარგი საპარლამენტო ურთიერთობების გაგრძელება და გაღრმავება, ხოლო მთავარი სასაუბრო თემები იქნება სამართლებრივი სახელმწიფოს საკითხები, შიდა და გარე პოლიტიკა, ასევე ევროპული პოლიტიკის მიმართულებები.
გარდა ამისა, დელეგაციის წევრები ისაუბრებენ განვითარების, სოციალური და საზოგადოებრივი პოლიტიკის თემებზე და ღია ფორმატში განიხილავენ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და პრესის თავისუფლების საკითხებს.
ვიზიტის მიზანი არის ასევე დეპუტატებთან, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან კავშირების გაღრმავება, ადგილზე ინფორმაციის მიღება და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა“, – აღნიშნულია საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციაში.