ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაზე რეაგირება არის უპირველეს ყოვლისა გერმანიის ხელისუფლების პასუხისმგებლობა
ამ საქმეში რუსეთის როლი მკაფიოდ გამოიკვეთა, საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, დანაშაული მოხდა გერმანიაში, ამიტომ უპირველეს ყოვლისა, მასზე რეაგირება არის გერმანიის ხელისუფლების პასუხისმგებლობა.
„სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობა აბსოლუტურად ნორმალურად და კონსტრუქციულად მიმდინარეობს. თქვენ გესმით, რომ არ შემიძლია, ვისაუბრო დეტალებზე. ეს დანაშაული მოხდა გერმანიაში, ამიტომ უპირველეს ყოვლისა, მასზე რეაგირება არის გერმანიის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ამ საქმეში რუსეთის როლი მკაფიოდ გამოიკვეთა. დარწმუნებული ვარ, თქვენ იცით, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია იტოვებს უფლებას და შესაძლებლობას, მიიღოს დამატებითი ზომები“, – განაცხადა ქნირშმა.
საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში შარშან, აგვისტოში მოკლეს. მის მკვლელობაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქე დაკავებულია.
გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია უფლებას იტოვებს, ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო დამატებითი ზომები მიიღოს.