ჰოვარდ აიზენსტატი - თურქეთში მუნიციპალური არჩევნები გაცილებით რთულია, ოპოზიციური პარტიები დაყოფილი არიან და უფრო ზრუნავენ საკუთარ მომავალზე, ვიდრე მმართველი პარტიის დამარცხებაზე
ჰოვარდ აიზენსტატი - თურქეთში მუნიციპალური არჩევნები გაცილებით რთულია, ოპოზიციური პარტიები დაყოფილი არიან და უფრო ზრუნავენ საკუთარ მომავალზე, ვიდრე მმართველი პარტიის დამარცხებაზე

თურქეთში მუნიციპალური არჩევნებისთვის სამზადისი დასასრულს უახლოვდება. კვირას მილიონობით თურქი ამომრჩეველი ხმას მისცემს და უდიდესი ქალაქის მმართველებს აირჩევს. მთავარი ბრძოლა სტამბოლისთვის გაიმართება, რომელზე კონტროლსაც ოპოზიცია ინარჩუნებს. თურქეთის პრეზიდენტს სტამბოლის დაბრუნება სურს. ამასთან, საინტერესოა, რომ თავად ერდოღანმა მიანიშნა, ეს არჩევნები, შესაძლოა, მისთვის უკანასკნელი იყოს.

თურქეთში დაგეგმილი არჩევნების შესახებ ვესაუბრეთ ნიუ იორკში მდებარე სენ ლოურენესის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს და ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის მკვლევარს, ჰოვარდ აიზენსტატს.

რატომ არის კვირას თურქეთში დაგეგმილი არჩევნები მნიშვნელოვანი? ჩვენ ვნახეთ, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს იქნება მისთვის უკანასკნელი არჩევნები. როგორ ფიქრობთ, ეს ნიშნავს, რომ ერდოღანი პოლიტიკიდან მიდის?

კონსტიტუციის მიხედვით, ერდოღანი უნდა წავიდეს პოლიტიკიდან, თუმცა ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, ეცდება თუ არა ერდოღანი კონსტიტუციის შეცვლას, რათა კიდევ ერთხელ შეძლოს კენჭისყრა. ამას ვერ გამოვრიცხავთ და ეს შესაძლებლობა არსებობს. ამ გადმოსახედიდან ისე ჩანს, რომ მას ნამდვილად სურს, თავისი საპრეზიდენტო ვადის ბოლოს პოლიტიკიდან წასვლა, თუმცა მოვლენების განვითარებასთან ერთად რამდენად ექნება მას ამის ნება, სხვა საკითხია. ჩემი აზრით, ეს არჩევნები არ არის ისეთი ეგზისტენციური, როგორც თურქეთში შარშან გამართული არჩევნები გახლდათ. ახლა ფსონები ისეთი მაღალი არ არის. თურქეთის მმართველი პარტიისთვის ეს არჩევნები მნიშვნელოვანია, რადგანაც ერდოღანს სურს, დაიბრუნოს სტამბოლი და ის შემოსავლები, რომლებიც ამ ქალაქს მოაქვს. ამასთან ერთად, ერდოღანი ამ არჩევნებს აღიქვამს, როგორც ნაბიჯს თავისი ძალაუფლების კონსოლიდაციისკენ, იმ დრომდე, ვიდრე ის თანამდებობას დატოვებს, ეს არჩევნები ერდოღანისთვის არის მისი მემკვიდრეობის განმტკიცებისკენ გადადგმული ნაბიჯი. რაც შეეხება ოპოზიციას, ყველა ოპოზიციური პარტიისთვის, მათ შორის მმართველი პარტიის კოალიციური პარტნიორი პარტიისთვისაც კი, ეს არჩევნები უფრო მეტად ეხება პოლიტიკური იდენტობისა და სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას, თუნდაც ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ დომინირების ფონზე.

რაც შეეხება ოპოზიციას, როგორც ვხედავთ, თურქეთში ოპოზიცია ახლა ერთიანი არ არის. რომელ პარტიას აქვს ყველაზე მეტი მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობა, მაგალითად, სტამბოლში?

უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის მუნიციპალური არჩევნები. სხვადასხვა ქალაქში განსხვავებული ვითარებაა. თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტია არის ყველაზე მნიშვნელოვანი ოპოზიციური პარტიაა. თურქეთის სამ უდიდეს ქალაქში – სტამბოლში, ანკარასა და იზმირში ფოკუსი სწორედ ამ პარტიაზეა. ანკარაში სახალხო რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დიდი პოპულარობით სარგებლობს და როგორც ახლა ჩანს, ის ძალაუფლებას შეინარჩუნებს. სოციოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ ოპოზიცია ასევე შეინარჩუნებს კონტროლს იზმირსა და სტამბოლზეც, თუმცა ორივე ამ ქალაქში არჩევნების შედეგების პროგნოზირება, ანკარასთან შედარებით, უფრო რთულია.

რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ქურთი ამომრჩევლების ხმები? თურქეთში შარშან, წინა არჩევნებზე მათ ხმებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. როგორ არის საქმე დღეს?

ცხადია, რომ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ქურთი ამომრჩევლების ხმებს უდიდესი მნიშვნელობა ექნება, მაგრამ ამ შემთხვევაში ისმის კითხვა – მისცემს თუ არა ცენტრალური მთავრობა ქურთულ ოპოზიციას კონტროლის შენარჩუნების უფლებას იმ მუნიციპალიტეტებშიც კი, სადაც ისინი გაიმარჯვებენ. ჩვენ გვახსოვს, რომ წინა მუნიციპალური არჩევნების დროს საქმეში სასამართლო ჩაერთო და გამარჯვებულები თანამდებობიდან მოხსნეს. ქურთებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში კითხვა დემოკრატიის ძირითადი პრინციპების დაცვას ეხება. რაც შეეხება სტამბოლსა და ანკარას, სადაც ასევე ბევრი ქურთი ამომრჩეველია, აქ უფრო ნაკლებად შეიძლება პროგნოზის გაკეთება. თუ კონკრეტულად სტამბოლზე ვისაუბრებთ, იქ ქურთული დემოკრატიული პარტია მთავარი ოპოზიციური პარტიისგან განცალკევებით მონაწილეობს არჩევნებში. ძალიან საინტერესოა, რომ მათ სტამბოლში ყველაზე პოპულარული კანდიდატი არ დაუყენებიათ. ამიტომ, ვფიქრობ, ისინი გარკვეულ კომპრომისზე წავიდნენ, რადგანაც, ერთი მხრივ, ოპოზიციისგან ინსტიტუციურად დისტანცირებული არიან, მაგრამ მეორე მხრივ, მათი სურვილია, რომ, საბოლოო ჯამში, სტამბოლში ოპოზიციამ გამარჯვებას მიაღწიოს. ეს არჩევნები გაცილებით რთულია, ვიდრე წინა იყო, რადგანაც ოპოზიციური პარტიები დაყოფილი არიან და უფრო მეტად საკუთარ მომავალზე ზრუნავენ, ვიდრე მმართველი პარტიის დამარცხებაზე.

კიდევ ერთხელ შევეხოთ სტამბოლს, სადაც, როგორც ჩანს, ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართება. ვინ არის ოპოზიციის მთავარი კანდიდატი და ვინ იყრის კენჭს მმართველი პარტიის რიგებიდან?

ოპოზიციის კანდიდატი სტამბოლის მოქმედი მერი, ეკრე მიმამოღლუა, რომელიც მეტ-ნაკლებად პოპულარულია, თუმცა ბევრი კრიტიკოსიც ჰყავს.  როგორც ჩანს, საბოლოოდ ის მაინც გაიმარჯვებს. თუ ასე მოხდება, ეს განამტკიცებს ოპოზიციას და ასევე გაამყარებს თავად იმამოღლუს პოზიციებს, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ოპოზიციონერი კანდიდატსა, რაც სამომავლოდ, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს. რაც შეეხება ერდოღანის მმართველ პარტიას, მათ სტამბოლში წარადგინეს მურატ ქურუმი, რომელიც, სიმართლე რომ ვთქვათ, ნამდვილად არ გახლავთ ქარიზმით გამორჩეული პოლიტიკოსი. ჩემი აზრით, მას არ გააჩნია პოლიტიკოსისთვის საჭირო უნარები. ქურუმი გახლავთ ბიუროკრატიის ქმნილება. მას აქვს ტექნოკრატიული გამოცდილება. მისი არჩევა გამოხატავს პრეზიდენტ ერდოღანის სურვილს, საკუთარი პარტიის შიგნით დაამკვიდროს ახალი, ტენოკრატიული და ბიუროკრატიული პოლიტიკოსების ტრადიცია. თუმცა კითხვა იმაში მდგომარეობს, შეუძლია თუ არა მურატ ქურუმს არჩევნებში გამარჯვების მოპოვება, რაც პოლიტიკოსის მთავარი საქმეა. ამ ეტაპზე ის ამ საქმეში დიდი წარმატებით ვერ დაიკვეხნის.

მაინც რატომ არის სტამბოლი ასეთი მნიშვნელოვანი?

სტამბოლი თურქეთის უდიდესი ქალაქია, სადაც 20 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს და რომელსაც ქვეყნის ეკონომიკაში ცენტრალური ადგილი უკავია. თუმცა დემოგრაფია და ეკონომიკა ცოტა ხნით გვერდით რომ გადავდოთ, სტამბოლი ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქია პირადად ერდოღანისთვის. ეს არის ის ქალაქი, სადაც ერდოღანი ჩამოყალიბდა პოლიტიკოსად. ის გახლდათ სტამბოლის მერი. ამავე დროს სტამბოლი არის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო იმ პარტიისთვის, რომელიც ამ ქალაქს აკონტროლებს. თუ გადავხედავთ ქალაქის მერიის მიერ გაფორმებულ კონტრაქტებს, მაგალითად, თუ ვინ იმუშავებს სტამბოლის მეტროს სისტემის გაფართოებაზე, ვინ განათავსებს რეკლამას ქალაქში, მაშინ მივხვდებით, რომ ამ კონტრაქტების უმეტესობას, როგორც წესი, იმ კომპანიებს უფორმებენ, რომლებიც უფრო ახლოს არიან ქალაქის ხელისუფლებასთან. ეს ნიშნავს რომ პარტია, რომელიც აკონტროლებს სტამბოლს, უდიდეს შემოსავალს იღებს, რომელსაც მოკავშირეებს უნაწილებს.

დაბოლოს, შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები თურქეთში ოთხ წელიწადში გაიმართება. როგორ ფიქრობთ, ემზადება კი ერდოღანი რეალურად თანამდებობის დასატოვებლად და ამზადებს მემკვიდრეს თუ არა?

ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ის ნამდვილად აპირებს წასვლას. ჩემი აზრით, დღეს ერდოღანს პირადად რომ დაუსვათ ეს კითხვა, მისი გულწრფელი პასუხი იქნება – დიახ, მე ვაპირებ პრეზიდენტის თანამდებობის დატოვებას და ჩემი მიზანი ახლა არის ჩემი მემკვიდრეობის განმტკიცება, რათა ჩემმა შემცვლელმა შეძლოს თურქეთის ისე მართვა, როგორც ამას მე ვაკეთებდი. ავტორიტარული ლიდერების მიერ თანამდებობის საკუთარი ნებით დატოვების შემთხვევები არც ისე ბევრი ვიცით, მაგრამ ეს არ არის ავტორიტარი მმართველების ეგოს ბრალი, არამედ იმიტომ, რომ ძალაუფლების გადაცემა რთულად სამართავი პროცესია. ჩნდება ძალიან ბევრი შიდაპარტიული დაპირისპირება. ასევე, ყოველთვის ჩნდება კითხვა, გაუფრთხილდება თუ არა ავტორიტარი მმართველების შემცვლელი მისი წინამორბედის მემკვიდრეობას. ჩემი აზრით, ერდოღანი საკუთარ შემცვლელად სიძეს, სელჩუქ ბაირაქტარს ამზადებს. ვფიქრობ, ერდოღანი სწორედ ბაირაქტარს ხედავს ოთხ წელიწადში თურქეთის შემდეგ პრეზიდენტად. ნამდვილად მოხდება თუ არა ეს, ამაში ნაკლებად ვარ დარწმუნებული.