ჰონგ-კონგში საპროტესტო აქცია პოლიციამ წყლის ჭავლისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა
ჰონგ-კონგში საპროტესტო აქცია პოლიციამ წყლის ჭავლისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქცია პოლიციამ წყლის ჭავლისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დემონსტრანტებმა სამთავრობო შენობების მახლობლად გზები გადაკეტეს და პოლიციას სხვადასხვა საგანს ესროდნენ.

ჰონგ-კონგის მთავრობა კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტს განიხილავს, რომელსაც სავარაუდოდ 20 ივნისს, საბოლოო კენჭისყრაზე დაამტკიცებენ. ათასობით დემონსტრანტმა კანონპროექტის განხილვის დაბლოკვა და სამთავრობო შენობებზე იერიში სცადა. პოლიციამ აქციის მონაწილეების შესაჩერებლად ბარიკადები აღმართა. ჰონგ-კონგში 100-ზე მეტმა ბიზნესკომპანიამ განაცხადა, რომ ოფისები დაიხურება, რაც თანამშრომლებს აქციებში მონაწილეობის საშუალებას მისცემს.

საპროტესტო აქციებში მონაწილეობას გეგმავს 4 ათასამდე მასწავლებელი. კანონპროექტი კონტინენტური ჩინეთის, ტაივანისა და მაკაუს ხელისუფლებას მკვლელობასა და გაუპატიურებაში ბრალდებულების ექსტრადიციის მოთხოვნის საშუალებას აძლევს. ექსტრადიციის კანონპროექტის ინიცირება მას შემდეგ მოხდა, რაც 19 წლის ჰონგ-კონგელმა მამაკაცმა სავარაუდოდ მისი 20 წლის ფეხმძიმე მეგობარი გოგონა მოკლა, როდესაც ისინი გასული წლის თებერვალში დასასვენებლად ტაივანში იმყოფებოდნენ. მამაკაცი ჰონგ-კონგში გაიქცა და ტაივანში მისი ექსტრადირება არ მომხდარა, რადგან შესაბამისი შეთანხმება ჰონგ-კონგსა და ტაივანს შორის არ არსებობს.

ჰონგ-კონგის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოებს ექნებათ, დაკმაყოფილდეს თუ არა ექსტრადირების თხოვნა, პოლიტიკურ და რელიგიურ დანაშაულებში ბრალდებულების ექსტრადიცია კი არ მოხდება.

1841 წლიდან, ჰონგ-კონგი ბრიტანეთის კოლონია იყო. მინი-კონსტიტუციით, ჰონგ-კონგს ჩინეთისგან ფართო ავტონომია აქვს მიღებული და გარკვეულ უფლებებს განსაზღვრავს.

„ერთი ქვეყანა, ორი სისტემის“ პრინციპით – ჰონგ-კონგს აქვს სასამართლო დამოუკიდებლობა, კანონმდებლობა, ეკონომიკური სისტემა და ჰონგ-კონგური დოლარი. საგარეო და თავდაცვის საკითხებში კონტროლს პეკინი ინარჩუნებს და ჰონგ-კონგსა და კონტინენტურ ჩინეთს შორის მოგზაურობისთვის ვიზა ან თანხმობაა საჭირო.

„ბიბისი“ წერს, რომ პეკინსა და ჰონგ-კონგს შორის შეთანხმების ვადა 2047 წელს გასდის და გაურკვეველია, რა ბედი ელის ჰონგ-კონგის ავტონომიას.

დატოვე კომენტარი