ჰონგ კონგში ოპოზიციონერ დეპუტატს ყური მოაჭამეს.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც დანით შეიარაღებული მამაკაცი საპროტესტო აქციის მონაწილეებს თავს დაესხა. „ევრონიუსის“ ცნობით, ფიზიკური დაპირისპირება პოლიტიკაზე კამათს მოჰყვა. ჩხუბის დროს მოქალაქემ სხვადასხვა სახის დაზიანება ექვს ადამიანს მიაყენა. დაშავებულებიდან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
დაზარალებულებს შორის ერთ-ერთი იყო ოპოზიციონერი დეპუტატიც. თავდამსხმელმა მას ყურის ნაწილი მოაჭამა.
პოლიციის მისვლამდე აქტივისტები თავდამსხმელს სასტიკად გაუსწორდნენ. ის ნაცემია და სამართალდამცავებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ჰონგ კონგში საპროტესტო აქციები უკვე რამდენიმე თვეა არ წყდება. აქტივისტები ხელისუფლებას დემოკრატიული რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებენ. 3 ნოემბერს პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მორიგი შეტაკება მოხდა.