ჰონკონგში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს
ჰონკონგში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს

ჰონკონგში, პოლიტექნიკური უნივერსიტეტის შენობასთან დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს შენობაში ორი დღეა, ბარიკადები აქვთ აგებული და სამართალდამცველებს ქვებსა და მშვილდისრებს ესვრიან. აქციის მონაწილეები პოლიციას შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

სამართალდამცველები დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ გაზს იყენებენ.

უნივერსიტეტის შენობაში მყოფ დემონსტრანტებს საგანგებოდ მიმართა სასწავლო დაწესებულების პრეზიდენტმა და განაცხადა, რომ პოლიციასთან მოლაპარაკების შედეგად, ძალის გამოყენების შეჩერების შესახებ შეთანხმება იქნა მიღწეული და დემონსტრანტებმა უნივერსიტეტის შენობა მშვიდობიანად უნდა დატოვონ.

გასულ ღამეს დაპირისპირების შემდეგ, ათეულობით დემონსტრანტმა შენობიდან გამოსვლა სცადა, თუმცა პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. სამართალდამცველების მტკიცებით, ამბოხებული ნიღბიანების დიდი ჯგუფი პოლიციის კორდონს დაესხა თავს.

ჰონკონგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის შენობაში 500-მდე ადამიანი იმყოფება.

დატოვე კომენტარი