ჰონგ კონგში დემონსტრაციების გამო 14 ნოემბერს ყველა სასწავლო დაწესებულება დაიხურება
ჰონგ კონგში დაგეგმილი დემონსტრაციების გამო, 14 ნოემბერს ყველა სასწავლო დაწესებულება დაიხურება, – ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.
გერმანული გამოცემის ინფორმაციით, საგანმანათლებლო დაწესებულებებმა აღნიშნული გადაწყვეტილება ახალგაზრდების უსაფრთხოების მიზნით მიიღეს. ამასთან ერთად, დემონსტრაციების ფარგლებში ჰონგ კონგის ცენტრალურ ნაწილში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება შეზღუდული იქნება.
ჰონგ კონგის ცენტრალურ ნაწილში ათასამდე აქტივისტს ქუჩები ამ დრომდე აქვს გადაკეტილი, რის გამოც საზოგადოებრვი ტრასნპორტი უკვე რამდენიმე დღეა, შეფერხებით მუშაობს.
დემონსტრანტები მხარდამჭერებს მოუწოდებენ, მათ შეუერთდნენ, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარალიზება სრულად მოახდინონ.
აქტივისტები აცხადებენ, რომ ამის შემდეგ ხელისუფლება იძულებული იქნება, მოთხოვნები შეასრულოს.
დემონსტრაციის მონაწილეები ჰონგ-კონგზე ჩინეთის მხრიდან არსებული გავლენით არიან უკმაყოფილოები. აქტივისტები თავისუფალ არჩევნებს, დემონტრაციების დროს პოლიციის მხრიდან გამოყენებული ძალის დამოუკიდებელ გამოძიებას, ორი ათასზე მეტი დაკავებული აქტივისტის გათავისუფლებასა და ჰონგ კონგის ლიდერის, კერი ლამის გადადგომას ითხოვენ.