ლეგენდარული ჯაზმუსიკოსი, ჰიუ მასაკელა 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მუსიკოსის ოჯახის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მასაკელა პროსტატის კიბოსთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ იოჰანესბურგში დაიღუპა.
ჰიუ მასაკელამ მსოფლიო აღიარება თავისი გამორჩეული აფრო-ჯაზის ბგერებით მოიპოვა.
„სამხრეთ აფრიკული ჯაზის მამად“ წოდებული მასაკელას ჰიტი Soweto Blues აპარტეიდის საწინააღმდეგო მოძრაობის სინონიმად იქცა.
„მისი დაღუპვა არის უდიდესი ზარალი მუსიკალური ინდუსტრიისთვის, განსაკუთრებით ქვეყნისთვის. მისი წვლილი თავისუფლებისათვის ბრძოლაში არასდროს დაგვავიწყდება“, – განაცხადა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ჯეიკობ ზუმამ.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ ვიტბანკში, 1939 წელს დაბადებული მასაკელა შთაგონებული იყო საყვირის შესწავლით მას შემდეგ, რაც 1950 წელს გადაღებულ ფილმში, „ახალგაზრდა მამაკაცი საყვირით“ კირკ დუგლასის მიერ შესრულებული როლი იხილა.
მუსიკოსმა დაარწმუნა მისი ერთ-ერთი მასწავლებელი, ატნი-აპარტეიდის ერთი-ერთი ჯვაროსანი მამა ტრევორ ჰადლსტონი, მისთვის ინსტრუმენტი ეყიდა.
1960 წელს, 21 წლის ჰიუ მასაკელამ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა დატოვა და 30 წლის განმავლობაში მშობლიურ მხარეში აღარ ჩასულა.
წლების განმავლობაში მუსიკოსმა თავისი უნიკალური სტილი განავითარა და 1967 წელს მონტერეის პოპ ფესტივალზე ჯენის ჯოპლინთან, ოტის რედინგთან და ჯიმი ჰენდრიქსთან ერთად წარდგა.
წლების შემდეგ მასაკელას სინგლმა Grazing in the Grass აშშ-ის ჩარტებში უმაღლესი პოზიციები დაიკავა და მსოფლიო ჰიტი გახდა.
ჰიუ მასაკელა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 1990 წელს, ნელსონ მანდელას პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ დაბრუნდა.
ჯაზმუსიკოსმა 2010 წლის ივნისში FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატზე შეასრულა ნომერი.
ლეგენდად აღიარებულმა მუსიკოსმა დიდი წვლილი შეიტანა მუსიკის და თეატრის სფეროში, ასევე სოციალურ და პოლიტიკურ აქტივობაში.