ჰაბლმა ორ გალაქტიკას შორის მიმდინარე მძვინვარე „ომი“ გადაიღო
ჰაბლმა ორ გალაქტიკას შორის მიმდინარე მძვინვარე „ომი“ გადაიღო

ირმის ნახტომის ორი მეზობელი გალაქტიკა ერთმანეთთან სასტიკ „გრავიტაციულ ომშია“ ჩართული. ახლახან NASA-ს ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მონაცემებმა გამარჯვებული გამოავლინა.

ომი გაჩაღებულია მაგელანის პატარა ღრუბელსა და მის გაცილებით მოზრდილ ძმას, მაგელანის დიდ ღრუბელს შორის. ეს ორი გალაქტიკა არა მხოლოდ ირმის ნახტომის, არამედ ერთმანეთის გარშემოც ბრუნავს. გამომდინარე იქიდან, რომ ორი ჯუჯა თანამგზავრი გალაქტიკა ერთმანეთს გრავიტაციულად იზიდავს, ერთმა მათგანმა მეორეს გამოაცალა უზარმაზარი ოდენობის გაზი, რის შედეგადაც წარმოიქმნა ე. წ. წამყვანი მკლავი.


ჰაბლის ახალმა მონაცემებმა წერტილი დაუსვა ამ გაზის წარმოშობის შესახებ მიმდინარე დებატებს. დადგინდა, რომ წამყვანი მკლავის შემადგენლობა მაგელანის პატარა ღრუბლისას ემთხვევა. ეს ფაქტი ასტრონომებს აფიქრებინებს, რომ მაგელანის დიდი ღრუბელი გაზს პარავს თავის პატარა მეზობელს და შესაბამისად, ამ ომში გამარჯვებულიც სწორედ ისაა.

მეცნიერებს შორის დიდი ხნის განმავლობაში ისმოდა კითხვა, რომელ მათგანს ეკუთვნოდა ეს გაზი ერთ დროს.

„ერთი შეხედვით, ის მაგელანის დიდი ღრუბლისას ჰგავდა, მაგრამ ჩვენ შეკითხვა სხვანაირად დავსვით: რისგან შედგება წამყვანი მკლავი? რომელი გალაქტიკის შემადგენლობას ემთხვევა მისი შემცველობა?“, — აღნიშნავს განცხადებაში კოსმოსური ტელესკოპის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ენდრიუ ფოქსი.


წამყვანი მკლავი გაზისა და ნარჩენების დიდი ნაკადია, რომელიც თანდათან ირმის ნახტომში შემოედინება და განაპირობებს მრავალი ახალი ვარსკვლავის დაბადებას ჩვენს მშობლიურ გალაქტიკაში. მიჩნეულია, რომ გაზის ეს რკალისებრი სტრუქტურა 1-2 მილიარდი წლისაა და ზომით ირმის ნახტომის ნახევარს აღწევს.

ჰაბლის ტeლესკოპის მონაცემების გამოყენებით, მკვლევრებმა ანალიზი ჩაუტარეს წამყვანი მკლავის ქიმიურ ხელწერას, ანუ სხვადასხვა ელემენტთა კვალს, რასაც გაზის წარმოშობის ადგილისკენ უნდა მიეთითებინა.

ჰაბლის სპექტროგრაფის გამოყენებით, მეცნიერებმა გაზომეს, როგორ იფილტრებოდა წამყვანი მკლავის გაზში გავლისას სხვა შორეულ გალაქტიკათა სინათლე. ისინი განსაკუთრებით აკვირდებოდნენ ულტრაიისფერი სინათლის შთანთქმას მკლავში არსებული ჟანგბადისა და გოგირდის მიერ, რასაც უნდა გაერკვია, იყო თუ არა ამ გაზში მძიმე ელემენტები. მიღებული შედეგები სხვადასხვა ტელესკოპით ჩატარებულ კვლევათა შედეგებს შეადარეს.


„ჰაბლისა და გრინ-ბენკის ტელეკოპის დაკვირვებათა კომბინაციის წყალობით, გავზომეთ გაზის შემადგენლობა და მოძრაობის სიჩქარე, რამაც საბოლოოდ გამოავლინა, რომელი ჯუჯა გალაქტიკა იყო „ქურდობაში“ დამნაშავე“, — ამბობს მკვლევარი კეტ ბერგერი.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მაგელანის დიდმა ღრუბელმა გაზი გამოაცალა თავის პატარა კომპანიონს.

გარდა ამისა, მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ წამყვანი მკლავის ნაკადი კვეთს ჩვენი ირმის ნახტომის დისკოს, რაც ნათელს ხდის, რომ გაზის ნაკადები სხვა გალაქტიკებშიც შეედინება. ასევე დგინდება ისიც, რომ ამ გაზისგან მრავალი ახალი ვარსკვლავი იბადება.

„შორეულ მომავალში, ერთ მშვენიერ დღესაც, ჩვენს გალაქტიკაში შეიძლება დაიბადოს მრავალი ვარსკვლავური სისტემა და პლანეტა, რომლებიც მთლიანად შედგენილი იქნება მატერიისგან, რომელიც ერთ დროს მაგელანის პატარა ღრუბლის საკუთრება იყო“, — წერია განცხადებაში.

კვლევა Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Space.com-ის მიხედვით