სამწლიანი ომის შედეგად, ტიგროს-ევფრატის ტერიტორიიდან განდევნილი თვითგამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“, იგივე დაეშის წევრების ნაწილი სახლში ბრუნდება. მათ დიდ ნაწილს დასავლურ სახელმწიფოებში მართლმსაჯულება ელოდება, ხოლო ნაწილის ბედი გაურკვეველია.
ბოლო ორი თვის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში თვითგამოცხადებულ „ისლამურ სახელმწიფოში“ მებრძოლი 12 ჯიჰადისტი დაბრუნდა. ყველა მათგანი ამერიკის მოქალაქეა.
ექსტრემისტების შესახებ ანგარიში ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ანალიტიკოსებმა მოამზადეს, სადაც იმ გამოწვევებსა და საფრთხეებზეა საუბარი, რომლის წინაშეც ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახური ჯიჰადისტების სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შეიძლება აღმოჩნდეს.
102-გვერდიანი ანგარიშის თანახმად, სირიიდან დაბრუნებული თორმეტივე ექსტრემისტი ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ დააკავა. მათგან ცხრას ბრალი უკვე წაუყენეს, სამ მათგანს კი, კავშირი თვითგამოცხადებულ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ვერ დაუდგინდა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ სირიაში ასადის რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად წავიდნენ და დაეშთან კავშირი არ ჰქონიათ.
ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ექსპერტები მთავარ კითხვას სვამენ და პასუხის გაცემასაც თავად ცდილობენ: რა მიზნით ბრუნდებიან ექსტრემისტები სამშობლოში, რომელიც რამდენიმე წლის წინ პროტესტის ნიშნად დატოვეს? ანალიტიკოსები შიშობენ, რომ მათ შესაძლოა, ამერიკის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტები დაგეგმონ, თუმცა ნაწილი ფიქრობს, რომ ბევრი მათგანი შეერთებულ შტატებში ცხოვრების ხელახლა დასაწყებად დაბრუნდა.
ზემოთ ხსენებული კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ანალიტიკოსმა უსაფრთხოების საკითხებში სიმუს ჰიუსმა აშშ-ის საზოგადოებრივ ტელეკომპანია NBC-ისთან საუბარში აღნიშნა, რომ დღეს შეერთებული შტატების ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურს განსაკუთრებული მუშაობა და სირია-ერაყიდან დაბრუნებული პირების კონტროლი მართებს.
აღნიშნული კვლევის ავტორებისთვის სადავოა იმ ექსტრემისტების მომავალი, რომლებიც სადაზვერვო სამსახურის პირველადი ინფორმაციით სირიაში ISIS-ში იბრძოდნენ, დღეს კი მათი კავშირი ახლო აღმოსავლეთის ყველაზე სასტიკ ტერორისტულ გაერთიანებასთან არ დასტურდება. ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, ამ ადამიანებისგან მომდინარე საფრთხე დღეს ყველაზე რთულად პროგნოზირებადი საკითხია.
2017 წელს აშშ-ის საგამოძიებო ფედერალურმა ბიურომ სირიიდან დაბრუნებული აბდირაჰმან შეიჰ მუჰამედი დააპატიმრა, რომელიც ტეხასში სამედიცინო კვლევით ინსტიტუტში ტერაქტს გეგმავდა. წარმოშობით სომალელ შეიჰ მუჰამედს 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
2013 წლიდან დღემდე ერაყისა და სირიის თვითგამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ამერიკის 300-მდე მოქალაქე გაემგზავრა. ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, დანიშნულების ადგილს, რაყასა და სირია-ერაყის სხვა ქალაქებს 70-მდე მათგანმა მიაღწია, 20-ზე მეტი დაიღუპა, 30-მდე პირი თურქეთში დააკავეს, დანარჩენის შესახებ კი ამ დრომდე ინფორმაცია უცნობია. სირიასა და ერაყში გამგზავრებას გეგმავდა ამერიკის კიდევ 50 მოქალაქე, თუმცა ისინი გამგზავრებამდე, შეერთებული შტატების ტერიტორიაზე დააკავეს.
თვითგამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურებს შორისაა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ზულფი ზოქჰა – წარმოშობით ალბანელი მუსლიმი, ნიუ-ჯერსის შტატის მკვიდრი, რომელიც ISIS-ის პროპაგანდისტულ ვიდეოში ორჯერ გამოჩნდა.
25 წლის ზულფი ზოქჰა ნიუ-ჯერსის ერთ-ერთ პროვინციულ ქალაქში მდებარე პიცერიაში მენეჯერად მუშაობდა, ექსტრემისტებს კი, 2015 წლის დასაწყისიდან შეუერთდა. ტერორისტების პროპაგანდისტულ ვიდეოში, რომელიც 2015 წელს გავრცელდა, ზოქჰამ ტყვედ ჩავარდნილი ქურთი ჯარისკაცები სიკვდილით დასაჯა. ვიდეოში მან თქვა, რომ ეს არის გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის. მეორედ იგი მოსულში გადაღებულ კადრებში დაფიქსირდა. ამ ვიდეოში ჩანს, როგორ არაადამიანურად ეპყრობა ზოქჰა ერაყელ ქალებსა და ბავშვებს. რამდენიმე თვეში შეერთებული შტატების ცენტრალურმა სადაზვერვო სამსახურმა მისი იდენტიფიცირება მოახდინა, ხოლო მოგვიანებით გაირკვა, რომ 2014 წელს იგი სოციალურ ქსელ Twitter-ში სხვა სახელითა და გვარით შექმნილი ანგარიშით, ამერიკაში მცხოვრებ მუსლიმებს მოუწოდებდა, სირიასა და ერაყში საბრძოლველად წასულიყვნენ და სახალიფოს შექმნაში მონაწილეობა მიეღოთ.
დღეს ზულფი ზოქჰას, დაეშში აბუ ჰამზა ალ ამრიკის სახელით ცნობილი ექსტრემისტის ბედი უცნობია. მოსულის აღების შემდეგ, სპეცსამსახურებმა მისი კვალი დაკარგეს.
ამავე შინაარსის მოწოდებების გამო 2014 წლის ნოემბერში ფედერალურმა ბიურომ 17 წლის ალი ამინი დააპატიმრა. იგი შეცვლილი სახელითა და გვარით, სოციალური ქსელის საშუალებით მუსლიმებს მოუწოდებდა, თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს რიგებში საბრძოლველად წასულიყვნენ. მან ამავე შინაარსის შეტყობინება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის Twitter-ის გვერდზე დატოვა. ალი ამინს ტერორისტული მასალის პროპაგანდისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
დასავლური ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ მოპოვებული ერთობლივი ინფორმაციის შედეგად დგინდება, რომ თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს რიგებში უცხო ქვეყნის 30 ათასი მოქალაქე იბრძოდა. მათგან ყველაზე მეტი ტუნისის, საუდის არაბეთისა და რუსეთის მოქალაქე იყო. დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი მოქალაქე ISIS-ში საბრძოლველად საფრანგეთიდან გაემგზავრა. გერმანია, თურქეთი და გაერთიანებული სამეფო კი ამ ქვეყნების დაახლოებით 600-მა მოქალაქემ (საერთო ჯამში 1800) დატოვა და სირიასა და ერაყში დაეშს შეუერთდა.
2017 წლის ნოემბერში გაერთიანებული სამეფოს სადაზვერვო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერაყისა და სირიის თვითგამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ 6 ათას 500 წევრი საკუთარ ქვეყანაში უკვე დაბრუნდა.