ჯეიმს ჯეფრი - აშშ-ს სირიის ციხეებიდან „ისლამური სახელმწიფოს“ 100-ზე მეტი წევრის გაქცევის მტკიცებულება აქვს
ჯეიმს ჯეფრი - აშშ-ს სირიის ციხეებიდან „ისლამური სახელმწიფოს“ 100-ზე მეტი წევრის გაქცევის მტკიცებულება აქვს

აშშ-ს სირიის ციხეებიდან „ისლამური სახელმწიფოს“ 100-ზე მეტი წევრის გაქცევის მტკიცებულება აქვს, – ამის შესახებ სირიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურმა წარმომადგენელმა კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ჯეიმს ჯეფრის განმარტებით, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები რეგიონში მდებარე ციხეებიდან სირიის ჩრდილოეთში თურქეთის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ გაიქცნენ. ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს ამ დროისთვის რადიკალების ადგილმდებარეობის შესახებ ცნობები არ აქვს.

კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს ჯეიმს ჯეფრიმ ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს სირიის ჩრდილოეთში ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ წარმოებული ოპერაციის დროს ჩადენილი ომის დანაშაულების შესახებ აქვს მტკიცებულებები.

„ჩვენ ვნახეთ რამდენიმე ინციდენტი, რომლებსაც ომის დანაშაულის კლასიფიკაციას ვანიჭებთ. ოპერაციის დროს ბევრი ადამიანი გარბოდა, რადგან ისინი, როგორც ჩვენ, უკიდურესად ღელავდნენ სირიის ოპოზიციის ქმედებებზე, რომელსაც თურქეთი უჭერს მხარს. სამხედრო ოპერაცია სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთისთვის ტრაგიკული კატასტროფა აღმოჩნდა“, – განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს.