გვიცავს თუ არა კორონავირუსისგან არყით ხელების გაწმენდა — ყველაფერი, რაც ხელის სანიტაიზერების შესახებ უნდა ვიცოდეთ
კორონავირუსის შესახებ საზოგადოების შეშფოთების ზრდასთან ერთად, იმატებს მოთხოვნა ხელის სადეზინფექციო საშუალებებზე. ბალტიმორის უნივერსიტეტის ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოცირებული პროფესორი ჯეფრი გარდნერი განმარტავს, რატომ არის ალკოჰოლი ხელის სანიტაიზერების მთავარი ინგრედიენტი და რატომ არ არის რეკომენდებული ასეთი საშუალებების შინ დამზადება.
1. რატომ არის ალკოჰოლი ხელის სანიტაიზერთა უმეტესობის მთავარი ინგრედიენტი?
ალკოჰოლი ეფექტიანად კლავს სხვადასხვა ტიპის მიკრობს – როგორც ვირუსებს, ისე ბაქტერიებს, რადგან ის შლის და აქტიურობას უკარგავს მათ ცილებს. ეს პროცესი, რომელსაც დენატურაციას უწოდებენ, მიკრობს ასახიჩრებს და ხშირად კლავს, რადგან არღვევს მათ ცილებს.
ზოგიერთი ცილის დენატურაცია სიცხესაც შეუძლია. მაგალითად, როდესაც კვერცხს ხარშავთ ან წვავთ, გამაგრებული თეთრი ნაწილი დენატურირებული ცილაა.
2. ზოგიერთ მიკრობს ალკოჰოლი კარგად ვერ კლავს, რატომ?
არსებობს ბაქტერიისა და ვირუსის სხვადასხვა ტიპები, რომელთაგან ზოგიერთს ალკოჰოლი უფრო იოლად კლავს. მათ შორის არის ნაწლავის ჩხირი (E. Coli) ბაქტერია, რომელსაც არაერთი ინფექციის გამოწვევა შეუძლია; მას ადვილად კლავს 60 პროცენტზე მეტი კონცენტრაციის მქონე ალკოჰოლი.
სხვადასხვა ტიპის ბაქტერიის გარსი ერთმანეთისგან განსხვავდება, რის გამოც, ალკოჰოლი ზოგიერთი მათგანის წინააღმდეგ უფრო ეფექტიანია, ზოგიერთისთვის კი არც ისე.
ბაქტერიის მსგავსად, გარე საფარი აქვს ზოგიერთ ვირუსსაც, რასაც გარსს უწოდებენ, ზოგს კი ეს გარსი არ აქვს. ალკოჰოლი ეფექტიანია გარსის მქონე ვირუსების, მათ შორის კორონავირუსების მოსაკლავად, მაგრამ ნაკლებად ეფექტიანად კლავს გარსის არმქონე ვირუსებს.
მრავალი კვლევის მიხედვით დადგენილია, რომ ბაქტერიებსა და ვირუსებს ეფექტიანად კლავს 60 პროცენტზე მეტი კონცენტრაციის მქონე ალკოჰოლი.
3. არის თუ არა 100-პროცენტიანი ალკოჰოლი უკეთესი?
რაც უნდა გასაკვირი იყოს, არა. ცილის დენატურაცია (დარღვევა) უფრო სწრაფად ხდება, როდესაც ალკოჰოლში შერეულია მცირე ოდენობით წყალი. სუფთა ალკოჰოლი იმდენად სწრაფად ორთქლდება, რომ თქვენს კანზე არსებული ბაქტერიების ან ვირუსების მოკვლას ვერ ასწრებს, განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც ჰაერის ტენიანობა შედარებით დაბალია.
გარდა ამისა, 100-პროცენტიანი ალკოჰოლი კანს გამოგიშრობთ და გაგიღიზიანებთ. ამიტომ არის აუცილებელი, რომ ხელების დეზინფექცია არ გაიკეთოთ იმაზე ხშირად, ვიდრე საჭიროა.
სწორედ ამიტომ შეიცავს ხელის სანიტაიზერთა უმეტესობა დამარბილებელ საშუალებებს, რომლებიც კანს ტენის შენარჩუნებაში ეხმარება.
4. კარგი იდეაა თუ არა ხელის სანიტაიზერის შინ დამზადება?
პროფესორ ჯეფრი გარდნერის აზრით, არა. დასამზადებელი ფორმულების ნახვა ინტერნეტში ადვილად არის შესაძლებელი, სადაც ძირითადად არყის გამოყენებას გვირჩევენ. სასმელი არყების უმეტესობაში კი ალკოჰოლის შემცველობა 40 პროცენტს არ აჭარბებს, რაც მიკრობების მოსაკლავად საკმარისი არ არის.
შეიძლება კარგი იდეა იყოს სპირტი, რომელსაც ჭრილობებისა და ნაკაწრების დასამუშავებლად იყენებენ, მაგრამ თუ სააბაზანოსთან ახლოს ხართ, უკეთესი არჩევანია ხელების დაბანა საპნითა და ცხელი წყლით.
5. აქვს თუ არა ვადა ხელის სანიტაიზერებს?
ბაზარზე არსებულ ხელის სადეზინფექციო საშუალებათა უმეტესობა სწორად შენახვის პირობებში ეფექტიანობას რამდენიმე წელიწადი ინარჩუნებს; ყველა მათგანს შეფუთვაზე აღნიშნული აქვს ვარგისიანობის ვადა.
აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ალკოჰოლი აქროლადია, რაც იმას ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში ის ორთქლდება და სანიტაიზერი ვირუსებისა და ბაქტერიების ეფექტიანად მოკვლის უნარს კარგავს. კარგი ამბავი კი ის არის, რომ ახლა, როცა ამ საშუალებებზე ასეთი მოთხოვნაა, თითქმის არ არსებობს იმის შანსი, რომ შემთხვევით ვადაგასული იყიდოთ.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.