გურჯაანში ადიდებულმა მდინარე ჭერმისხევმა ცენტრალურ მაგისტრალთან დამაკავშირებელი გზა წაიღო
გურჯაანში ადიდებულმა მდინარე ჭერმისხევმა ცენტრალურ მაგისტრალთან დამაკავშირებელი გზა წაიღო

გურჯაანში, სოფელი ჭერემი გარესამყაროს მოწყდა. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭერმისხევმა ცენტრალურ მაგისტრალთან დამაკავშირებელი გზა წაიღო.

პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, მოსახლეობა გარესამყაროსთან კონტაქტს ვერ ახერხებს. როგორც პირველ არხს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერმა, სიმონ ქოჩორაშვილმა განუცხადა, გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება და ზარალის მოკვლევა კალაპოტში წყლის დონის დაკლების შემდეგ გახდება შესაძლებელი.

ეს არის ამ სოფელთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა, რომელიც გასულ წლებშიც არაერთხელ დაზიანდა.

სოფელი ჭერემი გურჯაანიდან 28 კილომეტრით არის დაშორებული და ზღვის დონიდან 1000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.