გურჯაანის სასამართლოში დავით კირკიტაძის საქმის განხილვა დღეს გაგრძელდება
გურჯაანის რაიონული სასამართლო დღეს დავით კირკიტაძის საქმის განხილვას განაგრძობს. სასამართლო კიკრკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელებს.
ბრალდებულის ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, გურჯანიის რაიონულ სასამართლოსთან საქართველოს პარლამენტის 30-მდე წევრი და ის ადამიანები შეიკრიბებიან, რომლებმაც კირკიტაძისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნას მოაწერეს ხელი.
უფლებადამცველის თქმით, შეკრებილები დავით კირკიტაძის თავდებობასთან დაკავშირებით მზადყოფნას პირადად გამოხატავენ.
„ათასობით ადამიანი მოდის პროცესზე, მათ შორის საქართველოს პარლამენტის დაახლოებით 30-მდე წევრი. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ხელოვნური ბარიერები ვერ იქნება შექმნილი. მაგალითისათვის, არ მოხდება შეფერხება ბადრაგირებისას, ან უცაბედად პროკურორი ავად არ გახდება, ან მოსამართლეს არ დაემართება გაუთვალისწინებელი რამ და პროცესი არ გადაიდება ხელოვნურად. ეს იქნება კიდევ ერთი ტესტი სასამართლო იხელმძღვანელებს კანონის მოთხოვნით, თუ კიდევ ერთი მოგონილი მიზეზის გამო მოხდება პროცესის გადადება“, – განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.
სასამართლო პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში 12:00 საათზე დაიწყება.
25 თებერვალს დაცვის მხარის მიერ პროცესზე წარდგენილი 15 ათასი მოქალაქის ხელმოწერა და პარლამენტის 27 წევრის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ ხელმომწერების სასამართლო პროცესზე გამოცხადება მოითხოვა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.