გურიაში სახელმწიფო რწმუნებული - ყველა ღონისძიება გატარდება, რომ მაქსიმალურად ეფექტურად და მოკლე ვადებში დასრულდეს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები
ყველა ღონისძიება გატარდება, რომ მაქსიმალურად ეფექტურად და მოკლე ვადებში მოხდეს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულება, – ამის შესახებ გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ურუშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებას მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია აქვს და ყველა შეტყობინებაზე რეაგირებას დროულად ახდენენ.
„მოგეხსენებათ, სტიქიამ სამკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა გურიის რეგიონს, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს. მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, ასევე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში. ჩართულია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სამსახური. ცენტრალური ხელისუფლებიდან აქ იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. აქტიურ კომუნიკაციაში ვიმყოფებით მოსახლეობასთან, მაქსიმალურად ყველა შეტყობინებაზე არის რეაგირება, ხდება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში გადაყვანა. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები როგორც გზების, ასევე ელექტროენერგიის, გაზმომარაგების და წყალმომარაგების. ყველა ღონისძიება გატარდება, რომ მაქსიმალურად ეფექტურად და მოკლე ვადებში მოხდეს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულდება“, – განაცხდა გიორგი ურუშაძემ.
ამასთან, გიორგი ურუშაძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სტიქიის ზონაში რეაგირება დაგვიანებული იყო და წლებია, მოსახლეობა მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობს და ხელისუფება ყურადღებას არ აქცევს.
„ვერ დაგიდასტურებთ მსგავს ფაქტს. აბსოლუტურად ყველა განცხადებაზე ხდება რეაგირება მეწყერსაშიშ ზონებში და ისეთ ადგილებში, რომელიც ექვემდებარება გასახლებას. სახელწიფოს გვაქვს პროგრამა და ამ პროგრამით ძალიან ბევრი ბენეფიციარი სარგებლობს, უსარგებლია და ისარგებლებს მომავალშიც. ვიცით, რომ გურიის რეგიონში არის მეწყერსაშიში კერები, ამასთან დაკავშირებით ახლაც ადგილზე მობილიზებული არიან გეოლოგები, სწავლობენ ვითარებას და აუცილებლად გატარდება შესაბამისი ზომები. რაც შეეხება მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას, სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს დაფინანსებას“, – განაცხდა გურიის გუბერნატორმა.