გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული - ინტენსიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები, წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა, 150-ზე მეტი ოჯახი დაექვემდებაროს გასახლებას
გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული - ინტენსიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები, წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა, 150-ზე მეტი ოჯახი დაექვემდებაროს გასახლებას

გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ურუშაძის განცხადებით, სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. მისივე თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას მოქალაქეებთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს.

„სტიქიის ზონაში ინტენსიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები. ყველა უბანში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, ჩართულია როგორც სპეციალური ტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალა. მოქალაქეებთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს. ცხელი ხაზი ფუნქციონირებს როგორც მუნიციპალიტეტებში, ასევე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში. ხდება ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზება, რომელიც სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ურიგდება. ამ ეტაპზე 600-ზე მეტ ოჯახს გაეწია ჰუმანიტარული დახმარება“, – განაცხადა გიორგი ურუშაძემ.

გიორგი ურუშაძემ მოუწოდა ოჯახებს, რომლებიც საცხოვრებელი ადგილის დატოვებაზე უარს აცხადებენ, შესაბამისი პირების რეკომენდაციები გაითვალისწინონ.

„147 ადამიანია გაყვანილი სასტუმროში, რომლის ხარჯებსაც სახელმწიფო სრულად აანაზღაურებს. სამწუხაროდ, რჩებიან ოჯახები, რომლებიც მიუხედავად თხოვნისა და რეკომენდაციისა, უარს აცხადებენ საცხოვრებელი ადგილის დატოვებაზე. მინდა, კიდევ ერთხელ ვთხოვო, მოვიწოდო მათ, გადავიდნენ უსაფრთხო გარემოში, დროებით საცხოვრისს უზრუნველყოფს შესაბამისი მუნიციპალიტეტი. ადგილზე მუშაობენ გეოლოგების ჯგუფები, რომლებიც აუცილებლად შეისწავლიან ყველა ადგილს, სადაც მოხდა სტიქია და გასცემენ შესაბამის რეკომენდაციებს. გეოლოგების წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა, 150-ზე მეტი ოჯახი დაექვემდებაროს გასახლებას. გეოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე გვექნება შესაძლებლობა, ზუსტი ციფრები ვთქვათ“, – განაცხადა გიორგი ურუშაძემ.

ამასთან, გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, რათა ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი დროულად მიეწოდოს ყველა ოჯახს.

„ელექტროენერგიის გარეშე მხოლოდ 40 აბონენტი რჩება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ჩოჩხათის თემში. ადგილზე მუშაობენ „ენერგოპროჯორჯიას“ წარმომადგენლები. ბუნებრივი აირის გარეშე 720 აბონენტ რჩება. „სოკარგაზის“ წარმომადგენლები ხარვეზის დროულად აღმოსაფხვრელად მუშაობას განაგრძობენ“, – განაცხადა გიორგი ურუშაძემ.

რაც შეეხება ჩოხატაური-ოზურგეთის დამაკავშირებელ გზას, გიორგი ურუშაძის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული არიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები და გზის ამ მონაკვეთის აღსადგენად აქტიური მუშაობა დაიწყება.