ირაკლი ღარიბაშვილი - გურიაში, ვისაც სახლი დაენგრა, ვისი სახლიც გამოუსადეგარი გახდება, ყველას განსახლება მოხდება, ოჯახებს გადაეცემათ ახალი სახლი, ჩვენ შევუძენთ, ავაშენებთ ან თანხას გადავცემთ
ირაკლი ღარიბაშვილი - გურიაში, ვისაც სახლი დაენგრა, ვისი სახლიც გამოუსადეგარი გახდება, ყველას განსახლება მოხდება, ოჯახებს გადაეცემათ ახალი სახლი, ჩვენ შევუძენთ, ავაშენებთ ან თანხას გადავცემთ

გურიაში, ვისაც სახლი დაენგრა, ვისი სახლიც გამოუსადეგარი გახდება, ყველას განსახლება მოხდება. ოჯახებს გადაეცემათ ახალი სახლი, ჩვენ შევუძენთ, ავაშენებთ ან თანხას გადავცემთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დაზარალებულ მოქალაქეებს ამ კუთხით სანერვიულო არ აქვთ.

„გურიაში ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს დაუზიანდა სახლები, ბევრს დაენგრა, სახლებში გაჩერება შეუძლებელია, არ შეიძლება იქ ცხოვრება. ეკონომიკურ საბჭოზე ამ საკითხზე გვქონდა მსჯელობა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვისაც სახლი დაენგრა, ვისი სახლიც გამოუსადეგარი გახდება, უკლებლივ ყველას განსახლება მოხდება და ამ ოჯახებს მიეცემათ ახალი სახლი, ან ჩვენ შევუძენთ, ავაშენებთ ან თანხას გადავცემთ და თავად შეიძენენ სახლებს. ეს მინდოდა მეთქვა ჩვენი გურულებისთვის. არავითარი სანერვიულო მათ არ აქვთ, ყველაფერში დავეხმარებით და მათ პრობლემებს მოვაგვარებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერმა გურიაში სტიქიის შედეგად დაღუპულების გამო კიდევ ერთხელ მწუხარება გამოთქვა და მათ ოჯახებს მიუსამძიმრა.